Thumbnail
  • ჩრდილოეთ მაკედონია ვერტიკალურ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას
  • მათ გოლების უმეტესობა კონტრშეტევებზე და სტარდარტებით გააქვთ
  • საქართველოს ნაკრების მეტოქის დეტალური ანალიზი

‘ასეთ მატჩში ტაქტიკას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. იგებს ის, ვისაც უფრო მეტად უნდა’ - ასე შეაფასა გორან პანდევმა საქართველოს ნაკრებთან მომავალი მატჩი.

არ დავეთანხმებოდი! ეს თამაში ორივე გუნდისთვის ფინალია, ცხოვრების მატჩი. ამიტომაც არ მგონია, მონდომების ფაქტორი განიხილებოდეს. აი, ტაქტიკა კი ბევრ რამეს გადაწყვეტს. რას წარმოადგენს ჩვენი მეტოქე - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები და როგორ თამაშობს?

ბალკანური გუნდი

პანდევის სიტყვაში ნათლად გამოჩნდა მისი გუნდის პრიორიტეტები. საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შემოდგომაზე უკვე ორჯერ ითამაშა და ორივე შეხვედრამ ერთი რამ აჩვენა: ისინი ფეხბურთს ჩვენზე უკეთ ვერ თამაშობენ. მაგრამ არის რაღაცები, რაც მათ ჩვენზე უკეთ გამოსდით და ესეც ამ ორ თამაშში ვნახეთ: თამაშის ომად ქცევა, პროვოკაციები, უხეშობა და ცოტა ბინძური თამაში, მეტოქის შეცდომებზე დაჭერა. ამ კუთხით მეტოქის კრიტიკა აზრადაც არ მომსვლია. ეს ისეთი თამაშია, რომ ნებისმიერი მეთოდით და გზით უნდა მოიგო. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მაკედონიამ ასეთი რაღაცები საქართველოს ნაკრებზე უკეთ იცის.

ეს ნაომარი ქვეყანაა, ბევრი პრობლემებით და ბალკანურ საფეხბურთო სკოლას განეკუთვნება. სერბებს, ბოსნიელებს, მონტენეგროს, მაკედონიას თამაშის ერთი სტილი და ერთი ხასიათი აქვთ - ისე თამაშობენ, თითქოს ომობენ და თამაშის დროს ყველაფრისთვის მზად არიან. ყველაფერზე წავლენ. უხასიათო და თითქოს ფსიქოლოგიურად ცოტა გატეხილი ბელარუსისგან განსხვავებით, ბალკანელებთან ამ ასპექტში უპირატესობის მოპოვება ადვილი არ იქნება.

წინა ორ თამაშში ამან მაკედონიას უპირატესობა ორჯერვე მოუტანა: ორივე თამაშში საქართველოს ნაკრები უკეთესი იყო, ორივე თამაშში მეტოქე 10 კაცით დარჩა, ორივე თამაში მაკედონიას წასაგები ჰქონდა, თუმცა ორივეჯერ ხასიათის სიმტკიცე აჩვენა - ჯერ საქართველოს ნაკრების ერთადერთი შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი უკვე წაგებულ მატჩში პროვოკაციული გამოხდომით მსაჯს არარსებული პენალტი დაანიშნინა. სხვათაშორის, ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. ერთა ლიგის და პლეი ოფების ბოლო 5 თამაშში მაკედონიას 4 პენალტი აქვს დარტყმული!

მაკედონიელთა გაფუჭებული პენალტი ესტონეთთან

მოკლედ, ხუთშაბათს საქართველოს ნაკრებს ომი ელის - რთული, უხეში, ალბათ ცოტა გოლებით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრები მაკედონიას ლაღი და შემტევი თამაშით იოლად მოუგებს, ძალიან ცდება. ასეთ თამაშებში სილაღის დრო და ადგილი, ნაკლებად რჩება ხოლმე.

დიდი იქნება ზეწოლა ხვიჩა კვარაცხელიაზე და საქართველოს ნაკრების სხვა ინდივიდუალისტებზე. მაკედონია მათ შეჩერებას ყველა, საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო მეთოდით შეეცდება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება მსაჯი და როგორ იმსაჯებს. საქართველოს ნაკრების ინტერესებშია მსაჯი, რომელიც თამაშის სადავეებს მკაცრად აიღებს ხელში და ფეხბურთის ომად ქცევას არ დაუშვებს. კოსოვოსთან პლეი ოფის შეხვედრაში მაკედონიამ 6 ყვითელი მიიღო და 20-ჯერ დაჯარიმდა - რა ტიპის და ხასიათის გუნდია, ეს წარმოდგენას გვიქმნის.

საქართველოს ნაკრებს თამაშის სტილიდან გამომდინარე პენალტების მოპოვება ეხერხება. ასე მოხდა როგორც მაკედონიასთან პირველ შეხვედრაში, ასევე ბელარუსთანაც. თამაშის ხასიათმა, შესაძლოა, ვაისის გუნდს ამის შანსი 12 ნოემბრის შეხვედრაშიც მისცეს.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პირველ გოლს. ამ ტიპის შეხვედრებში გათანაბრება და თამაშში გარდატეხის შეტანა რთული ამოცანაა ხოლმე.

ამ ყველაფერს რატომ ვწერ? ხასიათის სიმტკიცე და ცოტა ბინძურად თამაშის უნარი მეტოქის ძლიერი მხარეა. საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად ამისთვის უნდა განეწყოს. თუ ამ კრიტერიუმებში მეტოქეს არაფერს დავუთმობთ, წმინდა საფეხბურთო კომპონენტებში მათ უპირატესობა არ უნდა ჰქონდეთ. არ უნდა დავუშვათ, რომ ის მხარე აღმოვჩნდეთ, რომელმაც კარგად ითამაშა, მაგრამ წააგო.

მაკედონიამ ეს აჩვენა: მათ ცოტადან ბევრის აღება შეუძლიათ. მეტოქეს შეცდომებს არ პატიობენ. აი, საქართველოს ნაკრები წინა შეხვედრებში პირიქით მოიქცა: ბევრი შექმნა და ბევრი აჩვენა, მაგრამ ცოტა წამოიღო. მაკედონიასთან ორივე თამაში და სომხეთთან თამაშიც მოსაგები იყო. ფეხბურთს საქართველოს ნაკრები უფრო უკეთ თამაშობდა, თუმცა ე.წ. ‘მკვლელის ინსტიქტი’ დააკლდა. ხუთშაბათს ნაკრებს ცოტა არაქართულად თამაში მოუწევს და ამისთვის მზად უნდა იყოს.

კონტრშეტევების და სტანდარტების გუნდი

ჩრდილოეთ მაკედონიას შეტევა ეხერხება. დიდი ფანტაზიით ვერ გამოირჩევიან, მაგრამ შეტევაში დალაგებული თამაში აქვთ და შანსებს მაქსიმალურად იყენებენ. ბოლო 17 თამაშში მათ მხოლოდ ორჯერ ვერ მოახერხეს გოლის გატანა. ორჯერვე ეს ძალიან ძლიერ პოლონეთის ნაკრებთან მოხდა. შედარებისთვის, საქართველოს ნაკრებმა მთელი მისი შემტევი პოტენციალის მიუხედავად, ბოლო 17 თამაშში მოედანი 5-ჯერ უგოლოდ დატოვა.

კარგი ის არის, რომ დაცვაში ეს გუნდი უშეცდომოდ ვერ თამაშობს და ბოლო 5 თამაშია, ზედიზედ უშვებს და უკანასკნელ 9 შეხვედრაში 8-ჯერ საკუთარ კარში სულ მცირე ერთი ბურთი მაინც მიიღო. საქართველოს ნაკრები თავის კართან შეცდომებს თუ არ დაუშვებს, მეტოქის კართან მომენტებს იპოვის.

ჩრდილოეთ მაკედონია საკვალიფიკაციო ეტაპის არცთუ ისე მარტივ ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, ისრაელს, სლოვენიას და ლატვიას გაასწრო და მხოლოდ ზემოხსენებულ პოლონეთს და ავსტრიას ჩამორჩა. მაკედონიის ნაკრების ისტორიაში ეს ალბათ საუკეთესო ნაკრებია და ეს პირველ რიგში მათი მწვრთნელის, იგორ ანგელოვსკის დამსახურებაა. მის ხელში ბალკანელები საშუალო დონის ევროპულ გუნდად იქცნენ, თორემ მანამდე სომხეთთანაც უწვალიათ და ანდორასთანაც.

მათ შეტევაში საკმაოდ შეზღუდული არჩევანი აქვთ. გოლები სტაბილურად გააქვთ, თუმცა ამისთვის ანგელოვსკის გუნდს არცთუ ისე ბევრი მეთოდი აქვს.

საქართველოს ნაკრებთან ორივე შეხვედრამ აჩვენა და სტატისტიკაც ამას ადასტურებს: მაკედონიას ძალიან უჭირს პოზიციური შეტევა. გოლების დიდი ნაწილი მათ სტანდარტებიდან და კონტრშეტევებიდან გააქვს. ასე მოხდა კოსოვოსთანაც პლეი ოფის შეხვედრაში - მაკედონიამ ჯერ კონტრშეტევიდან გაიტანა, მერე კი სტანდარტიდან.

📺 ჩრდ. მაკედონია 2:1 კოსოვო

2020 წელს გამართულ 5 თამაშში ანგელოვსკის გუნდმა 9 გოლი შეაგდო, საიდანაც პოზიციური შეტევიდან მხოლოდ 1 გავიდა. სამაგიეროდ, აბსოლუტური უმეტესობა (7 გოლი) სტანდარტებიდან ან კონტრშეტევიდან გაიტანეს.

ასე გაიტანეს მათ თავიანთი ორივე გოლი საქართველოს ნაკრებთანაც - პენალტიდან და კონტრშეტევიდან.

მაკედონია ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობს. ისინი ტრადიციულად 3-4-2-1 სისტემით არიან განლაგებულები. ეს სისტემა სწორედ კონტრშეტევით და ვერტიკალური ფეხბურთის თამაშს უწყობს ხელს. მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან, ცენტრალურ ზონაში, ანგელოვსკის გუნდს ყოველთვის ჰყავს სულ მცირე სამი მოთამაშე მაინც, მათ შორის გორან პანდევი, რომელიც შეტევების მთავარი ორგანიზატორია. შემტევ სამეულს პანდევთან ერთად ილია ნესტოროვსკი, ენის ბარდი და ალექსანდრ ტრაიკოვსკი ქმნიან. ამ სამეულიდან ჩვეულებრივ ორი თამაშობს ხოლმე.

ეს სისტემა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. მოედნის ცენტრში, როდესაც მეტოქე ბურთს კარგავს, მაკედონიას ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე ჰყავს, რომ სწრაფად და მაქსიმალურად ვერტიკალურად შეუტიონ მეტოქის თავისუფალ ზონებს იქამდე, სანამ მოწინააღმდეგის დაცვა დალაგებას მოასწრებს. ასე გავიდა გოლი საქართველოს ნაკრების კარშიც თბილისურ შეხვედრაში.

📺 საქართველო 1:1 ჩრდ. მაკედონია

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოედნის ცენტრში საქართველოს ნაკრები ბურთს მაქსიმალურად გაუფრთხილდეს.

ფლანგებზე მეტოქეს ორი მორბენალი მოთამაშე ჰყავს - რისტოვსკი და ალიოსკი. ორივე მათგანი მთელ ფლანგს ფარავს. რისტოვსკი უფრო დაცვაზეა ორიენტირებული, ალიოსკი კი უფრო შემტევია და ზემოხენებულ ტრაიკოვსკისთან ერთად ის თავისი გუნდის ლიდერია შექმნილი მომენტების და კარში დარტყმების მიხედვით. ყველაზე ხშირად მეტოქის კარს საფრთხეს სწორედ ეს ორი მოთამაშე უქმნის.

ალიოსკის და ტრაიკოვსკის მაჩვენებლები

ტრაიკოვსკის სექტემბერ-ოქტომბერში თამაში ნაკლებად მოუწია და მისი სტატისტიკაც ერთა ლიგის წინა გათამაშების შედეგებს უფრო ითვალისწინებს, როცა მაკედონიას უფრო სუსტი მეტოქეები ჰყავდა, თუმცა თუ გორან პანდევი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ნაკრებს მართლაც გამოაკლდა, მაშინ ტრაიკოვსკი დიდი ალბათობით ითამაშებს.

პოზიციური შეტევების დროს მაკედონია არცთუ ისე დიდი ფანტაზიით გამოირჩევა და აქცენტს სტანდარტულ ჩაწოდებებზე აკეთებს. როგორც კი პოზიციური შეტევის დროს მაკედონიას ბურთი ფლანგზე გადააქვს, უმეტეს შემთხვევაში ეს სტანდარტული ჩაწოდებით მთავრდება. საქართველოს ნაკრების მცველებს (კაშია, კვერკველია, ხოჭოლავა) თავით თამაში ეხერხებათ და მაკედონიის ჩაწოდებები ყველაზე დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები იოლი მეტოქე არ არის, თუმცა საქართველოს ნაკრებს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ის დაამარცხოს. ამისთვის საჭიროა მეტოქის ძლიერ მხარეები კარგად გაითვალისწინოს და შეცდომები არ დაუშვას. ანგელოვსკის გუნდს არსენალში არცთუ ისე ბევრი იარაღი აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები