Thumbnail

ინგლისის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა “შემოდგომის ერთა თასის” ეგიდით საქართველოსთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბორჯღალოსნების” ძალისმიერი თამაშის სტილის გამო, შესაძლოა, მისმა გუნდმა არატრადიციული სისტემით ითამაშოს.

“ქართველები ჭიდაობის ფუძემდებლებად ითვლებიან. ისინი ნამდვილი ვაჟკაცები არიან, რომლებიც ჩინებულ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან. მსოფლიოს TOP 15-ში სწორედ შერკინებაში დომინირებით მოხვდნენ. ისინი ფორვარდებით ძალიან ხისტად თამაშობენ. ამჯერადაც, მათგან ამას ველით. მახსოვს, როდესაც 2015 წლის მსოფლიო თასის წინ, საქართველოს იაპონიის ნაკრები დაუპირისპირდა, მათ წინააღმდეგ 9 ფორვარდი და 6 ბექი გავიყვანეთ, აი, ასეთი ძლიერები იყვნენ და ეს კარგად მახსოვს. ახლა, ალბათ, იგივეს გავაკეთებ. ოლი ტორლი, ბენ ირლი... კიდევ არიან ბიჭები, რომელთაც ამის გამოცდილება აქვთ. ტრადიციულად, შემადგენლობაში 8 ფორვარდი და 7 ბექია ხოლმე, თუმცა, არავის დაუშლია, რომ ჰიბრიდული ფლაი-ჰავითა და ფლანკერით ვითამაშოთ. ამ იდეას სერიოზულად ვუყურებთ. შესაძლოა, საქართველოსთან სწორედ ის მატჩი იყოს, როდესაც სხვაგვარად უნდა ვითამაშოთ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სწორედ დღეს გაემგზავრა ლონდონში, სადაც 6 ერის გამარჯვებულ ინგლისთან ე.წ. 8 ერის პირველ მატჩს 14 ნოემბერს ჩაატარებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდები ერთმანეთს მსოფლიო თასს მიღმა დაუპირისპირდებიან. ქართველი მორაგბეები მათთვის ისტორიულ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უელსსა (21 ნოემბერი) და ირლანდიასაც (29 ნოემბერი) ეთამაშებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები