Thumbnail
  • მეთიუ ჯენიმ სტატიაში შოთა რუსთაველის სიტყვებიც გამოიყენა
  • ინგლისელი მორაგბე 2 წელი საქართველოს შვიდკაცა ნაკრების წევრი იყო

საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრების ყოფილმა წევრმა მეთიუ ჯენიმ სტატია გამოაქვეყნა ბრიტანულ The guardian-ში და მოახლოებულ “შემოდგომის ერთა თასზე” “ბორჯღალოსნების” შანსებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ჯენი, რომელიც ახლა უკვე 28 წლისაა, საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. ის ინგლისში გახლავთ დაბადებული და გაზრდილი. რაგბის 6 წლიდან “რიჩმონდ რაგბი ქლაბში” თამაშობდა. თავიდან 9 ნომერი იყო, მოგვიანებით კი შუამარბის პოზიციაზე გადაინაცვლა. მისი ოჯახის ისტორია 1921 წელს, მეთიუს წინაპრის ინგლისში წასვლით იწყება.

“ბავშვობაში ბებიისგან ვიცოდით, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან, სავარაუდოდ, რუსეთიდან ვიყავით წარმოშობით. ზუსტად ვერ მეუბნებოდა. ბაბუაჩემიც ცოცხალი აღარ იყო. ამით არ დავკმაყოფილდი და რაც წლები მემატებოდა, უფრო მეტად ვცდილობდი, გამერკვია ჩემი წარმოშობის ამბავი. მე და ბიძაჩემმა დიდი ხნის განმავლობაში ვეძიეთ ეს ინფორმაცია სხვადასხვა არქივში და ბოლოს გავარკვიეთ, რომ ბაბუაჩემი წარმოშობით თბილისიდან იყო და მისი ნამდვილი გვარი ჯანაშვილი ყოფილა”, - ნათქვამი აქვს ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ჯენის. ახლა კი, მისი დაპირებული წერილიც:

“კარგად მახსოვს, როდესაც 2003 წლის მსოფლიო თასზე ინგლისისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს ჩვენი სარაგბო კლუბის ბარში ვუყურებდი. ათასობით ბავშვის მსგავსად, მეც აღფრთოვანებალი ვიყავი ჩვენების თამაშით და მინდოდა, ისეთი სარაგბო ალღო მქონოდა როგორც ჯეისონ რობინსონს და ისეთი სიზუსტე, როგორც - ჯონი უილკინსონს.

12 წლის მერე ჩემი პირველი მატჩი ჩავატარე საქართველოს შვიდკაცა ნაკრებში და იმ ქვეყნის სახელით ვითამაშე, სადაც ბაბუაჩემი დაიბადა. მე იქ 2 დაუვიწყარი წელი გავატარე და ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, რათა გამეგო რაოდენ მნიშვნელოვანია რაგბი ევროპის ამ განაპირა ქვეყნისთვის. ახლა, როდესაც საქართველო მომავალ შაბათს თვიქნემზე ინგლისს ეთამაშება, მათ თავზე 2003 წლის მძიმე მარცხის აჩრდილი აღარ დგას და მომავალს გაცილებით ნათელ ფერებში უყურებენ.

უკავია რა მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილი, საქართველოს ნაკრები იტალიას 2 პოზიციით უსწრებს, მის წინ კი, ფიჯი, იაპონია და არგენტინა იმყოფებიან. საქართველო ნაკრები ყველასთვის ცნობილი გუნდია და როგორც ინგლისელთა მწვრთნელ ედი ჯონსს აქვს ნათქვამი, “მსოფლიოში საუკეთესო შერკინება ჰყავს”. თითქოს საქართველოში კონვეირი არსებობს, რომელიც საოცარი ფიზიკური უნარების მქონე ბიჭებს უსასრულოდ უშვებს.

ქართველები გეტყვიან, რომ მათში რაგბის სიყვარულს ისტორიული ფესვები გააჩნია და ის ძველ თამაშს – ლელობურთს უკავშირდება. ამ დროს მეზობელი სოფლები ერთმანეთს მძიმე ბურთისთვის ეცილებიან, წესები კი, ფაქტობრივად, არ არსებობს. საქმე გვაქვს უდიდესი ფიზიკური ძალების დაპირისპირებასთან, საქართველოს ნაკრების მეტსახელი ლელოები კი სწორედ აქედან მოდის.

რაგბი ამ ქვეყნის ხალხში მყარადაა გამჯდარი. როდესაც საქართველოში პირველად ჩავედი, მაშინვე მასწავლეს დევიზი: “რაგბი ჩვენი თამაშია”. დიდი ენთუზიაზმის მიუხედავად, ბოლო პერიოდში საქართველო განვითარების მხრივ ჩიხში აღმოჩნდა. მათ უკვე გაუსწრეს რაგბი ევროპის ჩემპიონატს (6 ერის მე-2 დონის შესაბამისია), რომელსაც ფაქტობრივად ყოველ წელს იგებენ და მუდმივად ავსებენ 50-ათასიან სტადიონს რუსეთთან მატჩისთვის, რომელიც თბილისში ორ წელში ერთხელ ტარდება.

ამ ფონზე ტესტები პირველი დონის ნაკრებებთან სანთლით საძებარია. ეს ან მსოფლიო თასზე ხდება ანაც შოტლანდიასთან და იტალიასთან იშვიათ მატჩებში. ჯერჯერობით, 6 ერზე გავარდნის სისტემის შემოღება ვერ ხერხდება, ამდენად, “შემოდგომის ერთა თასი”, რომლის ეგიდითაც ქართველი მორაგბეები ინგლისს, უელსსა და ირლანდიას ეთამაშებიან, მათთვის ისტორიული შანსია.

და რას გრძნობენ ამ თამაშების წინ ქართველები? “წნეხსა და პასუხისმგებლობას”, - ამბობს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მერაბ შარიქაძე საწვრთნელი შეკრებიდან, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს. “იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც რაგბს თავად თამაშობდა ანაც უბრალოდ ნაკრებს ქომაგობდა, ამას არაერთი წელი ელოდა”.

მეთიუ ჯენი საქართველოს შვიდკაცა ნაკრების მაისურით

საქართველოს ნაკრებს უკანასკნელ პერიოდში პროგრესი ნამდვილად ჰქონდა და 2015 წლის მსოფლიოს თასზე, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, ჯგუფში მისთვის ისტორიული მე-3 ადგილიც დაიკავა, თუმცა, წამყვან ნაკრებებთან რეგულარული მატჩების გარეშე, ასეთი შედეგები მხოლოდ ერთჯერად წარმატებებად დარჩება. “ცხადია, ეს ჩვენთვის რიგითი მატჩები არაა. ზოგჯერ ასეთი დონის გუნდებს მსოფლიო თასზეც კი ვერ ვეთამაშებით, ახლა კი, სარაგბო გრანდებთან ზედიზედ სამი-ოთხი თამაში გველის”, - განაგრძობს შარიქაძე.

საქართველოს ნაკრების წარმატება სასარგებლო უნდა იყოს შიდა ჩემპიონატის განვითარებისთვისაც. მაგალითისთვის, იაპონიაც კმარა, რომელმაც 2015 და 2019 წლების მსოფლიო თასებზე შედეგიანად ითამაშა და ამან ქვეყნის ეროვნულ პირველობასაც დიდი ბენეფიტები მოუტანა. ამის შედეგია, რომ ახლა იქ ისეთი ლეგენდები თამაშობენ, როგორებიც სონი ბილ უილიამსი, ანდრე პოლარდი და ვილ გენია არიან. საქართველოს უმაღლესი ლიგა დიდი 10 ახლა მხოლოდ შინაა პოპულარული, თუმცა, თუკი ეროვნულმა ნაკრებმა გარღვევა მოახდინა, უდავოა, რომ ის ყურადღებას სხვაგანაც მიიპყრობს.

კარგ შედეგში ბოლო-ბოლო რომელიმე გრანდის დამარცხებაც იგულისხმება, რასთანაც საქართველო ახლოს 2017 წლის ნოემბერში იყო. მაშინ ნაკრებმა უელსთან 1 ლელოთი წააგო და დაადასტურა, რომ გრანდებთან ჭიდილი შეუძლია. “ყველამ იცის, რომ მათგან სასწავლი ბევრი რამ გვაქვს, თუმცა, პირველ რიგში საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და არა მეტოქეებზე”, - დასძენს ლელოების კაპიტანი.

თუმცა, მცირე ხნის წინ, შოტლანდიასთან დიდი ანგარიშით (7:48) მარცხი საგანგაშო სიგნალი გახდა. ამას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილიც ითავისებს: “მოახლოებულ ტურნირზე ნებისმიერი შეცდომა კიდევ უფრო ძვირად დაგვიჯდება. გაცილებით მეტი კონცენტრაცია გვჭირდება. იქ თამაშის სისწრაფე და დინამიკა გაცილებით მეტი იქნება”.

ძალიან სამწუხაროა, რომ რაგბის ქართველი ქომაგები, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ, მოახლოებულ მატჩს ვერ დაესწრებიან. არადა, ჩემი დაკვირვებით ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები და ყველაზე ხმაურიანები არიან. ამის მიზეზი COVID 19-ია, რომელმაც ტურნირში ფიჯის ნაკრების მონაწილეობა შეუძლებელი გახადა და იქ საქართველო მიიწვიეს. ისტორიაში ბევრი დიადი მომენტი სწორედ შემთხვევითობას უკავშირდება და იქნებ, ახლაც ამგვარ მოვლენასთან გვქონდეს საქმე.

საქართველოს გამოჩენილ პოეტს შოთა რუსთაველს ნათქვამი აქვს: “რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია”. ჩემი აზრით, არ შეიძლება “შემოდგომის ერთა თასის” დასრულების შემდეგ, საქართველო ისევ გავრიყოთ და უყურადღებოდ დავტოვოთ. ქართულ რაგბში ჩადებული ინვესტიცია სრულიად სარაგბო სამყაროს წინსვლისა და განვითარებისთვის იქნება ხელშემწყობი”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სწორედ დღეს გაემგზავრა ლონდონში, სადაც 6 ერის გამარჯვებულ ინგლისთან ე.წ. 8 ერის პირველ მატჩს 14 ნოემბერს ჩაატარებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდები ერთმანეთს მსოფლიო თასს მიღმა დაუპირისპირდებიან. ქართველი მორაგბეები მათთვის ისტორიულ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უელსსა (21 ნოემბერი) და ირლანდიასაც (29 ნოემბერი) ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები