Thumbnail
  • საქართველოს რაგბის კავშირმა 8 ერის პირველი ეპიზოდი გამოაქვეყნა
  • ''ბორჯღალოსნების'' მზადება და საინტერესო კომენტარები პირველ ნაწილში

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების 14 ნოემბერს ინგლისთან გასამართი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. სასიამოვნოა, რომ რაგბის კავშირის ოფიციალურ გვერდზე მზადების ეპიზოდის ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფიზ.მომზადების მწვრთნელისა და ნაკრების კაპიტნის კომენტარებიცაა.

ფაქტია, რომ ''ბორჯღალოსნები'' ინგლისთან მატჩში უკეთეს შედეგს ელიან და კომენტარებიც იმედს გვაძლევს, რომ ნაკრები ღირსეულად იასპარეზებს. ნაკრების მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი აცხადებს, რომ ეს მატჩები ნაკრებს უკეთესი რაგბის თამაშში დაეხმარება და დიდ გამოცდილებას შესძენს. მაისაშვილს იმედი აქვს, რომ ინგლისთან მატჩში ქართველი ქომაგი უკეთეს შეხვედრას იხილავს.

ლევან მაისაშვილი (ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ვემზადებით ინგლისის ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის. ამჟამად საქართველოში 20 მორაგბე გვყავს. ძირითადად ხაზის მოთამაშეები და ნაწილი შერკინების მოთამაშეები. დანარჩენი მორაგბეები საფრანგეთში არიან, კლუბებში აგრძელებენ მზადებას. შევარდენის ბაზაზე კვირაში 4-ჯერ ვვარჯიშობთ.

კვირას ინგლისში მივფრინავთ და ინგლისთან მატჩისთვის ლონდონში ერთკვირიანი მზადება გვექნება. ახლა მოგვეცა შანსი, რომ მუდმივ რეჟიმში კვირიდან კვირამდე დიდ ნაკრებებთან ვითამაშოთ. ამით გავიზრდებით და უფრო კარგ რაგბის ვითამაშებთ. მოგებული თამაშების რაოდენობაზე განცხადების გაკეთება სერიოზული არ იქნება. ყველაფერს დრო აჩვენებს. მოტივაცია უფრო დიდია, უფრო მეტი მოლოდინით ველით მომდევნო მატჩებს. წინა თამაშში დაშვებული შეცდომების ანალიზი უკვე გავაკეთეთ. მზადება კარგად მიმდინარეობს. გაცილებით უკეთეს გუნდს იხილავთ შემდეგ კვირას.

ირაკლი ჭყონია (ნაკრების ფიზ.მომზადების მწვრთნელი): გეგმის მიხედვით მივდივართ. ცოტა არეულობა გვქონდა დასაწყისში, რადგანაც თავიდან მორაგბეების კლუბებში გაშვებას ვგეგმავდით, მაგრამ 8 ერის წარმომადგენლებმა გვთხოვეს, რომ ამაზე უარი გვეთქვა. დაგვრჩა ორი ვარჯიში, ვასრულებთ ბოლო სამუშაოებს და ხვალ უკვე მაქსიმალურად მომზადებულები წავალთ ტურნირზე.

მერაბ შარიქაძე (ნაკრების კაპიტანი): ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. რეალობას თვალს ვუსწორებთ, რაშიც შოტლანდიის ნაკრებთან მატჩიც დაგვეხმარა. ვიცით, რამდენად დიდ გუნდებს ვეთამაშებით და ვიცით, რამდენად დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. გვინდა, რომ კარიერის მატჩი ვითამაშოთ და ასე ვიქნებით ყველაზე მატჩზე. იმედი მაქვს, რომ მომავალი არის ნათელი და გამარჯვებით სავსე.

უყურეთ პირველ ეპიზოდს 

კომენტარები

ბოლო ამბები