Thumbnail
  • 📅 7 ნოემბერი | ⌚ 21:30 | ⚽ დორტმუნდი V ბაიერნი
  • წინ სანაკრებო პაუზაა, საკლუბო ფეხბურთი დროებით დიდი მატჩით გვემშვიდობება
  • გერმანული ფეხბურთის მთავარი თამაშისთვის ეს იდეალური მომენტია
  • რას უნდა ველოდოთ Der Klassiker-ში - პირველ რიგში გოლებს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

საუკეთესო გერმანული კლუბები, პანდემიას თუ არ ჩავთვლით, ერთმანეთს ამაზე უკეთეს დროს ვერ შეხვდებოდნენ!

მიუნხენის ბაიერნი ცხრილში პირველი მხოლოდ იმიტომ არის, რომ ბურთების შეფარდება აქვს მეორე ადგილზე მყოფ დორტმუნდზე უკეთესი. ბორუსია ბუნდესლიგის ამ სეზონში ჯერჯერობით საუკეთესო დაცვა (2 მიღებული გოლი) ჰყავს, ბაიერნს კი - საუკეთესო თავდასხმა (24 გატანილი ბურთი). სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ესეც საკმარისია Der Klassiker-ის, ანუ “გერმანული კლასიკოს” დიდი მონდომებით საყურებლად. გერმანული საკლუბო ფეხბურთის მშვენება, ბუნდესლიგის თამაშთა თამაში, ლოგიკურად, ძალიან მაგარი უნდა გამოვიდეს.

უშუალოდ დორტმუნდში ჩატარებულ Klassiker-ებს შორის სრულყოფილი თანაფარდობაა: 16 თამაში BVB-მ მოიგო, 16 თამაში ბაიერნმა, 19 კი ფრედ დასრულდა.

რეკორდმაისტერი რურში შესანიშნავ ხასიათზე ჩადის - ჰანსი ფლიკის მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან 1 წლის იუბილეზე ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაში ზალცბურგი 6:2 დაამარცხა. მართალია, მიუნხენელებმა მანამდე კიოლნსა და მოსკოვის ლოკომოტივს მხოლოდ 2:1 მოუგეს, მაგრამ თავად ფლიკის თქმის არ იყოს, არის მატჩები, სადაც მართლაც მხოლოდ შედეგია მთავარი. თუმცა თავად ფლიკიც აღიარებს, რომ კიოლნთან და ლოკომოტივთან ყველაფერი კარგად არ იყო.

ჰანსი ფლიკმა იცის, რომ მისი გუნდის წარმატება დიდწილად იოზუა კიმიხის და რობერტ ლევანდოვსკის თამაშზეა დამოკიდებული

ამ დღეებში ბაიერნში მთავარი სალაპარაკო თემა დავიდ ალაბაა, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელებს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ზედმეტად მაღალი ხელფასი მოსთხოვა - ამბობენ, წელიწადში 20 მილიონ ევროზე მეტიო. ბაიერნის ბოსებმა სიმკაცრე შეინარჩუნეს და მოლაპარაკებები შეწყვიტეს, თუმცა იმედი აქვთ, რომ ალაბა მაინც მაქსიმალური მონდომებით ითამაშებს. 28 წლის ავსტრიელი პროფესიონალია, მაგრამ ნაწყენი ჩანს. ისე გამოდის, რომ მან მომავალ ზაფხულს ბაიერნი უფასოდ უნდა დატოვოს, ან ზამთარში გაიყიდოს ძალიან იაფად.

მარკო როისი და დავიდ ალაბა ყურადღების ცენტრში იქნებიან

მარკო როისისი ფაქტორი

კარგ ხასიათზეა დორტმუნდიც: ლუსიენ ფავრის გუნდი ოთხი ოფიციალური თამაშია იგებს და თან ისე, რომ გოლს არ უშვებს - 3:0 შალკესთან, 2:0 ზენიტთან, 2:0 არმინიასთან და 3:0 ბრიუგესთან. ჰაალანდი ჩემპიონთა ლიგაში მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, ჯეიდონ სანჩო ფავრმა დაასვენა, მარკო როისი კი 72-ე წუთიდან ათამაშა. ფაქტია, როისი ბაიერნისთვის ემზადება და ფაქტია ისიც, რომ დორტმუნდის კაპიტანი რეკორდმაისტერისთვის ყველაზე საშიშია: მას მიუნხენურ გრანდთან მატჩებში 7 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. ყველაზე მეტი ბუნდესლიგის მასშტაბით!

‘კიკერის’ ინფორმაციით, დორტმუნდის დაცვის ხაზის ლიდერის, მატს ჰუმელსის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ არის. როისიც ალბათ ახლა უკვე ძირითად  შემადგენლობაში იქნება.

📺 როგორ მოუგო დორტმუნდმა ბრიუგეს

რაც შეეხება ბაიერნის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას: თუ ლეონ გორეტცკამ ბოლომდე მომჯობინება ვერ მოასწრო, ნახევარდაცვის ცენტრში იოზუა კიმიხთან ერთად ან კორენტენ ტოლისო ითამაშებს, ანაც ხავი მარტინესი - გააჩნია, როგორ ტაქტიკას აირჩევს ფლიკი, უფრო შემტევს თუ უფრო დაცვაზე ორიენტირებულს. ბოლო ინფორმაციით, გორეტცკამ წესით უნდა ითამაშოს. სამაგიეროდ, პავარის თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ.

📺 როგორ მოუგო ბაიერნმა ზალცბურგს

საინტერესო ფაქტები

⚽ დორტმუნდის ბორუსია და ბაიერნი ერთმანეთს იდეალურ მომენტში ხვდებიან: ორივე გერმანულ გრანდს 15-15 ქულა აქვს და ისინი პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

⚽ ამ დუელში ერთმანეთს ბუნდესლიგის საუკეთესო დაცვა საუკეთესო თავდასხმას უპირისპირდება - დორტმუნდს 6 ტურის შემდეგ ყველაზე ცოტა, მხოლოდ 2 გოლი აქვს მიღებული, ბაიერნს კი ყველაზე მეტი - 24 ბურთი აქვს გატანილი.

⚽ ბავარიული გრანდი Der Klassiker-ის სტატისტიკაში დომინირებს: 61 მატჩი ბაიერნმა მოიგო, 33 ფრედ დასრულდა, 33-ჯერ კი დორტმუნდმა იმარჯვა. 

⚽ ბორუსიას ამ სეზონში ყველა საშინაო მატჩი მოგებული აქვს. უფრო მეტიც: დორტმუნდს ამ სეზონში შინ გოლიც კი არ გაუშვია!

⚽ დორტმუნდს ამ სეზონში ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი ბურთის ფლობა აქვს - 63%.

⚽ დორტმუნდმა საკუთარ მოედანზე გოლების ნახევარი მე-60 წუთის შემდეგ გაიტანა.

⚽ 2015 წლის შემდეგ, დორტმუნდის მიერ საკუთარ მოედანზე ბაიერნის კარში გატანილი გოლების 60 პროცენტიც მე-60 წუთის შემდეგ გავიდა.

⚽ ამავდროულად, თუკი ბუნდესლიგის ამ სეზონში რომელიმე კლუბს გატანა უადვილდება, ეს პირველ რიგში ბაიერნია. რეკორდმაისტერმა 6 ტურში 24 ბურთი გაიტანა და ამით 1973/1974 წლების რეკორდი მოხსნა.

⚽ კვირის შუაში ბაიერნი გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც მატჩის ბოლო 15 წუთში 4 გოლი გაიტანა (6:2 ზალცბურგთან).

⚽ ზალცბურგთან გამარჯვება ბაიერნის ზედიზედ მე-9 მოგებული ოფიციალური მატჩი იყო. სხვათა შორის, ეს სერია რეკორდმაისტერმა სწორედ დორტმუნდის დამარცხებით დაიწყო გერმანიის სუპერთასზე. 

⚽ სტუმრად ბაიერნმა ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო ისე, რომ ორივე გუნდმა გაიტანდა.

⚽ ეს მატჩი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირების დუელიცაა. ერლინგ ჰაალანდს ბუნდესლიგაში პირველ 20 მატჩში ჯამში 18 გოლი აქვს გატანილი. მისი დარტყმების 36% გოლით მთავრდება.

⚽ რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 10 გოლის გატანა მოასწრო. პოლონელს ერთი გოლისთვის საშუალოდ 2,8 დარტყმა ჰყოფნის.

⚽ ლევანდოვსკის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ბუნდესლიგაში მხოლოდ 12 მატჩში 16 გოლი (!) აქვს გატანილი. 

⚽ როცა ბაიერნი თამაშობს, როგორც წესი, პირველ ტაიმში გოლი გადის: მიუნხენური გრანდის ბოლო 27 ოფიციალური მატჩიდან პირველი ტაიმი უგოლოდ მხოლოდ ერთში დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - მონიე, აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო - ვიტსელი, დაუდი - სანჩო, როისი, რეინა - ჰაალანდი.
ტრავმა ან კორონავირუსი: ჯანი, შმელცერი, ზაგადუ

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეტცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ტრავმა ან კორონავირუსი: დევისი, ზიულე, ზირკზეე

კომენტარები

ბოლო ამბები