Thumbnail
  • 📅 8 ნოემბერი | ⌚ 18:00 | ⚽ ლოკომოტივი V დინამო თბილისი | 📺 SILK UNIVERSAL
  • ეროვნული ლიგა ერთადერთი ტურნირია, რომელსაც ორივე გუნდი შემორჩა
  • დინამოს ჩემპიონობა უნდა, ლოკოს - მინიმუმ ევროზონაში მოხვედრა
  • მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს Silk Universal შემოგთავაზებთ 

კვირას საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია - ჩემპიონობის მთავარი კანდიდატები თამაშობენ!

მე-13 ტურის გადადებული შეხვედრა თბილისის ლოკომოტივსა და დინამო თბილისს შორის გაიმართება. ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ 18 ოქტომბერს უნდა შემდგარიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო გადაიდო.

სამ კვირაში ბევრი რამ შეიცვალა, ორივე გუნდისთვის სასიკეთოდ. დინამო თბილისი გალიდერდა, ხოლო ლოკომოტივი მე-4 ადგილზე ავიდა. მას შემდეგ, რაც დინამოში ჩიკო დაბრუნდა, ეროვნულ ლიგაში 9 შესაძლებელიდან 9 ქულა მოიპოვა. თანაც, სულ უშუალო კონკურენტებს აჯობა (დინამო ბათუმს, საბურთალოს და დილას). თბილისელებმა ბოლო ტურში სტუმრად გორში ძალიან დამაჯერებლად, გიორგი გაბედავას, ნოდარ იაშვილისა და დავით სხირტლაძის გოლებით მოიგეს 3:0 და დინამო ბათუმს 2 ქულით გადაასწრეს.

📺 დილა 0:3 დინამო თბილისი | გოლები: 0:1 გაბედავა (5), 0:2 იაშვილი (15), 0:3 სხირტლაძე (83-პენ)

ლოკომოტივიც კარგ ფორმაშია და დინამოს მსგავსად, ბოლო 3 თამაში მოგებული აქვს. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა ბოლოს ომარ იმრანისა და გიორგი იაკობიძის გოლებით საბურთალოს 2:1 მოუგეს, რომელსაც გადაასწრეს და ახლა მე-4 ადგილზე არიან. სხვათა შორის, ლოკო დინამოსთან თუ მოიგებს, ჩამორჩენას მხოლოდ 3 ქულამდე შეამცირებს და ჩემპიონობის შანსს გაიზრდის, რომელიც ჯერ კიდევ აქვს. ამის მიუხედავად, ახლა ლოკომოტივის მთავარი მიზანი ცალსახად ევროპალიგის ზონაში მოხვედრაა და წესით, ეს საკმაოდ რეალური ამბიციაა.

ლოკომოტივმა საბურთალოს ძლევით ოთხეულში ადგილი დაიბრუნა
📷 | ლოკომოტივი

ორივე გუნდი ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპამდე მივიდა. საერთოდ, ევროსეზონი ორივეს რადიკალურად განსხვავებული ჰქონდა. გიორგი ჭიაბრიშვილის ლოკომოტივმა თუ რუმინული კრაიოვა უნივერსიტატეასა და მოსკოვის დინამოს ძლევით გულშემატკივრებს დიდი სიხარული აჩუქა, დინამომ პირიქით - ფარერებზე სირცხვილი იწვნია და იმედგაცრუება გამოიწვია.

დინამო თბილისს მიმდინარე სეზონში ერთადერთი ამოცანა აქვს - ჩემპიონობა, რადგან საქართველოს თასს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა. ამჟამად, დედაქალაქური გუნდი დინამო ბათუმს 2 ქულით უსწრებს და სეზონის დასრულებამდე რაც უფრო ნაკლები დრო რჩება, თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. სხვათა შორის, უშუალოდ ეროვნულ ლიგაში დინამო თბილისს ბოლო 7 თამაში არ წაუგია და საერთოდაც, სეზონში ერთხელ დამარცხდა (დილასთან 1:2).

აღსანიშნავია, რომ ლოკომოტივს მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მცველი ნიკა სანდოხაძე ვერ დაეხმარებიან, რადგან ორივე დინამოს საკუთრებაა და თამაშის უფლება არ აქვთ.

გორის დილასთან ნოდარ იაშვილმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა 
📷 | დინამო თბილისი

თორნიკე კირკიტაძე (ლოკომოტივის ფეხბურთელი): "გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, კარგად ვემზადებით. ამ თამაშს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. საინტერესო და დაძაბული დედაქალაქური დერბი იქნება. საბურთალოსთან მოგებით დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროზონაში მოსახვედრად და ჩემპიონობის შანსიც გვაქვს. რაც შეეხება საბურთალოსთან თამაშს: ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, მაგრამ როგორც გამოჩნდა, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. იყო პატარ-პატარა შეცდომები, რის გამოსწორებაზეც ვმუშაობთ. დინამოსთან პრინციპული და ძალიან საინტერესო მატჩი გველის."

დავით კობოური (დინამო თბილისის ფეხბურთელი): "დილასთან თავიდანვე ველოდებოდით რთულ თამაშს, რადგან დილა სახლში ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს. შეხვედრაც დაძაბული გამოდგა, მაგრამ მიმაჩნია, რომ გუნდმა ყველა კომპონენტში კარგად ითამაშა და ეს ყველაფერი საბოლოოდ შედეგზეც აისახა. რაც შეეხება ლოკომოტივთან თამაშს: კარგი გუნდია, რთულ მატჩს ველოდებით. სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ჩვენთვისაც და მეტოქისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ლოკომოტივი ძლიერი გუნდია, მაგრამ ვეცდებით, ჩვენ ჩვენი სიძლიერე დავამტკიცოთ და ამ შეხვედრაში სამი ქულა ავიღოთ".

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო თბილისს ეროვნულ ლიგაში 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ლოკომოტივს - ხუთი.

⚽ დინამომ ყველა ტურნირზე ბოლო 7 შეხვედრიდან 4 მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა. ბოლო ორი თამაში მოიგო და 3-3 გოლი გაიტანა.

⚽ დინამოს ზემოხსენებული 7 თამაშიდან 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ლოკომოტივმა უკანასკნელი 7 მატჩიდან 5-ჯერ იმარჯვა და 2-ჯერ წააგო. 6-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 5-ჯერ ორივემ გაიტანა.

⚽ დინამოსა და ლოკომოტივის ბოლო 5 შეხვედრაში ფრე არ დაფიქსირებულა. ამ 5 მატჩიდან 3 დინამომ მოიგო და სამივე დიდი ანგარიშით - 4:0, 6:0, 4:0. ორჯერ კი ლოკომ მიაღწია წარმატებას (3:1, 1:0).

⚽ ამ გუნდების ბოლო 20 დაპირისპირებიდან 11 დინამომ მოიგო, 6 ლოკომოტივმა და 3-ჯერ გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

⚽ ლოკომოტივის თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე 5 გოლით ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზეა, ხოლო ნახევარმცველი ბექა დარმცელია 4 საგოლე პასით ამ კომპონენტში საუკეთესოა. მეორეს მხრივ, როინ კვასხვაძეს ლიგაში ყველაზე მეტი მშრალი მატჩი აქვს (8).

⚽ ლოკომოტივს შინ 11 ქულა აქვს მოპოვებული და სანამ ბოლო ორ მატჩში ჩიხურასა (4:1) და საბურთალოს (2:1) არ დაამარცხებდა, მანამდე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.

⚽ დინამო თბილისი სტუმრად კარგად თამაშობს და შესაძლო 21 ქულიდან 17 მოიპოვა (5 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება).

სავარაუდო შემადგენლობები

ლოკომოტივი (4-2-3-1): შეროზია - გაბაძე, ანდრონიკაშვილი გურეშიძე, უბილავა - დარცმელია, შონია - თ. კირკიტაძე, იმრანი, იაკობიძე - სიხარულიძე

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, კობოური, ქიმაძე - ქარდავა, პაპავა - პერნამბუკუ, ზარია, ქავთარაძე - გაბედავა

კომენტარები

ბოლო ამბები