Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი იმ შემადგენლობას, რომელიც ევრო 2020-ის პლეი ოფში საქართველოს უნდა დაუპირისპირდეს, უახლოეს საათებში დაასახელებს, მანამდე კი, მისი რამდენიმე კომენტარი გახდა ცნობილი.

ანგელოვსკიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თბილისში ვერ ვიხილავთ ამერიკული MLS-ს ერთ-ერთ გოლეადორ დენი მუსოვსკის (მიმდინარე სეზონის 14 მატჩში 5 გოლი და 1 საგოლე პასი). ლოს ანჯელესის 24 წლის ფორვარდმა ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილი თავად გამოთქვა და მწვრთნელისგან თანხმობაც მიიღო, თუმცა, როგორც ირკვევა, შესაბამისი პროცედურების დასრულება ვერ ესწრება.

“დენის მაკედონიის მოქალაქეობა და პასპორტი არ აქვს. მას ამ დოკუმენტების მიღება სჭირდება, ფიფასთან შესაბამის სამუშაოებს ვაწარმოებთ და იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულისთვის ყველაფერი მოესწრება. მუსოვსკის ჩვენს ნაკრებში თამაში სურს და მას ამის შანსს აუცილებლად მივცემთ”.

ანგელოვსკის ეროვნულ გუნდში ადის იაჰოვიჩის (მას ციურიხის, ვორსკლას, რიეკას, კრილია სოვეტოვის, გიოზთეპეს, ქონიასპორისა და მალიათიასპორის რიგებშიც უთამაშია) შესაძლო დაბრუნებაზეც ჰკითხეს, რომელიც თურქულ ანტალიასპორში საკმაოდ წარმატებულად თამაშობს, ნაკრებში კი 14 მატჩი აქვს ჩატარებული. მთავარი მწვრთნელი ამ შემთხვევაში ძალიან მკაცრი იყო და ის ფრაზა გაიმეორა, რაც დიდიე დეშამმა ქარიმ ბენზემას საფრანგეთის ეროვნული გუნდიდან მოკვეთის დროს განაცხადა: “ნაკრების მაისურის ჩაცმას ყველა არ იმსახურებს”.

ცნობილია, რომ იაჰოვიჩს პრობლემები ჰქონდა მაკედონიელთა უწინდელ თავკაცთან და როგორც სჩანს, ურთიერთობა ვერც ანგელოვსკისთან ააწყო. 33 წლის თავდამსხმელმა რამდენჯერმე თანაგუნდელებთანაც იჩხუბა, შემდეგ კი, სანაკრებო შეკრება თვითნებურად დატოვა.

“იაჰოვიჩს არაერთხელ ვუთხარი, რომ მაკედონიის ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელია და სარგებელის მოტანა შეეძლო, თუმცა, მისი ფიქრები უფრო საკლუბო ამბებს დასტრიალებდა. ასე რომ თუკი კიდევ გაქვთ კითხვა ჩვენს რიგებში რატომ არაა, მგონი, თავად მას უნდა მიმართოთ”, - დასძინა ანგელოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისში დინამო არენაზე 12 ნოემბერსაა დაგეგმილი და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში თამაშის უფლება უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში წარმატებული გამოსვლით მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პლეი ოფის ნახევარფინალში შინ ბელარუსს მოუგო (1:0), ჩრდილოელ მაკედონიამ კი თავის მხრივ კოსოვო დაამარცხა (2:1).

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა ამ შემოდგომით ორჯერ უკვე ითამაშეს. ერთა ლიგის C დივიზიონში ჩატარებული ორივე დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა. ცნობილია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ფინალურ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები