Thumbnail

SOFIA OPEN | ბასილაშვილი წარუმატებელი სერიის შეწყვეტას ბულგარეთში ეცდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 28 წლის ქართველ ჩოგბურთელს ზედიზედ 10 მატჩი აქვს წაგებული
  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის ღია პირველობაზე შარშანაც ითამაშა

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ძალიან წარუმატებელი პერიოდი უდგას, ნავსის გატეხვას ბულგარეთის დედაქალაქში ეცდება, სადაც ის სოფიის ღია პირველობაზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) სათამაშოდ ჩავიდა.

ბასილაშვილი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული და სავარაუდოდ, განთესილთა შორისაც იქნება, რადგანაც ბოლო დღეებში სოფიის ტურნირში თამაშზე უარი რამდენიმე ცნობილმა ჩოგბურთელმა განაცხადა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, SOFIA OPEN-ზე ვეღარ ვიხილავთ გაელ მონფილსს (საფრანგეთი), რობერტო ბაუტისტა აგუტს (ესპანეთი), კევინ ადერსონს (სამხრეთ აფრიკა), ფაბიო ფონინის (იტალია), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი), კეი ნიშიკორისა (იაპონია) და კიდევ რამდენიმე ჩოგბურთელს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიის ღია პირველობაზე თამაშისას

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი სოფიაში შარშანაც იყო ჩასული და მართალია, მე-5 განთესვა გააჩნდა, ასპარეზობა მალევე დაასრულა. საქართველოს პირველი ჩოგანი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანელ დანიელ ბრანდსთან 6:7 (7:9), 5:7 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ივლისიდან მოყოლებულ პერიოდში ანუ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზა დასრულდა, ნიკოლოზს 10 მატჩი ისე აქვს წაგებული, რომ სეტიც კი არ აუღია.

ბასილაშვილი ზედიზედ დამარცხდა მიშა ზვერევთან (გერმანია, 5:7, 1:6), იან-ლენარდ შტრუფთან (გერმანია, 1:6, 5:7), ფელიქს ოჟე ალიასიმთან (კანადა, 4:6, 1:6), ჯონ მილმანთან (ავსტრალია, 1:6, 4:6, 4:6), ფედერიკო დელბონისთან (არგენტინა, 5:7, 3:6), ლორენცო სონეგოსთან (იტალია, 3:6, 1:6), რობერტო ბაუტისტა აგუტთან (ესპანეთი, 4:6, 3:6), ტიაგო მონტეიროსთან (ბრაზილია, 5:7, 4:6, 2:6), ნორბერტ გომბოსთან (სლოვაკეთი, 6:7, 2:6) და კიდევ ერთხელ შტრუფთან – 4:6, 2:6.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში, სანამ COVID 19-ის გამო ტურნირები შეწყდებოდა, ნიკოლოზი 1 485 ქულით მსოფლიოს 27-ე ჩოგანი იყო, მიმდინარე კვირაში განახლებულ კლასიფიკაციაში კი, 1 395 ქულით უკვე 39-ეა.

კომენტარები

ბოლო ამბები