Thumbnail
  • ლუკა ლოჩოშვილი ვოლფსბერგერის დაცვის ლიდერად ყალიბდება
  • 22 წლის ქართველი მცველის თამაშს ავსტრიული პრესა დადებითად აფასებს

ევროპალიგის მე-3 ტურში ლუკა ლოჩოშვილის ვოლფსბერგერი სტუმრად ზაგრების დინამოს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ხორვატებმა 76-ე წუთზე წუთზე იაი ატიმვენის გოლით გაიმარჯვეს. ავსტრიელებს 45-ე წუთზე მათეუს ტაფერნერი გაუძევეს და მე-2 ნახევარი კაცნაკლულები იყვნენ.

ლუკა ლოჩოშვილმა ვოლფსბერგერის შემადგენლობაში მოედანზე 90 წუთი გაატარა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ავსტრიული გამოცემა laola1 კი მიიჩნევს, რომ საერთოდაც საუკეთესო გახლდათ თანაგუნდელთა შორის - ქართველმა უმაღლესი შეფასება მიიღო. ლუკა ვოლფსბერგერის რიგებში ერთადერთი იყო, რომელმაც ერთიანი დაიმსახურა, რაც ავსტრიაში (და გერმანიაშიც) საუკეთესო შეფასებაა (ყველაზე დაბალი შეფასება არის 6).

Laola1: "ძალიან ძლიერი თამაში ქართველისგან, რომელიც მთელი 90 წუთის განმავლობაში კლდესავით მყარი იყო. იმ ფაქტის გამო, რომ ვოლფსბერგერმა ძალიან დაცვითი თამაში აირჩია, ლოჩოშვილს ჩვეულებრივზე მეტი ძალისხმება დასჭირდა. ცენტრალურმა მცველმა ზაგრების დინამოს შეტევების წნეხს მამაცურად გაუძლო".

ლუკას და ჩრდ. მაკედონიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის არიიან ადემის ორთაბრძოლა

ევროპალიგაზე ვოლფსბერგერს 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს - ისევე, როგორც ფეიენოორდს და ისინი მეორე-მესამე ადგილებზე არიან. ავსტრიულ კლუბს პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი აქვს და ყველაფერს მომდევნო 3 შეხვედრა გადაწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილი ვოლფსბერგერში აგვისტოში დინამო თბილისიდან გადავიდა და ავსტრიელთა მაისურით 9 თამაში ჩაატარა, გოლი არ გაუტანია, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები