Thumbnail

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი ხვალ დაასახელებს იმ შემადგენლობას, რომელიც ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში საქართველოსთან ისტორიული მატჩისთვის მოემზადება. მანამდე კი, მეტოქის მწვრთნელმა მოახლოებული თამაშის შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იმედიანად არის განწყობილი.

“მზად ვართ და საქართველოსთან მატჩს მოუთმენლად ველით. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი პოზიტიური განწყობითაა და ისიც მინდა გითხრათ, რომ კარგი წინათგრძნობა გვაქვს. გვჯერა, რომ ბოლო-ბოლო ევროპის ჩემპიონატზე მაკედონიაც ითამაშებს. ფსონი ძალიან დიდია. დროის მოკლე მონაკვეთში ქართველებს უკვე 2-ჯერ ვეთამაშეთ. ამ მატჩებმა გამოაჩინა, რომ გუნდები დაახლოებით ერთი დონის არიან და ყველაფერს ნიუანსები გადაწყვეტს. ფეხბურთს გულშემატკივრებისთვის თამაშობენ და ჩვენც ასე ვართ მიჩვეული. სამწუხაროა, რომ პანდემია ამის საშუალება არ გვაძლევს. ის კი კარგია, რომ სტადიონს, სადაც უნდა ვითამაშოთ, უკვე ვიცნობთ. ამ დროისთვის ზუსტად ვერ გეტყვით, ფეხბურთელთაგან ვისი იმედი მექნება და ვისი – ვერა. მთავარი ისაა, რომ გვყავს მოთამაშეები, რომლებმაც ამ ეტაპამდე მოგვიყვანეს. კარგი იქნება, თუკი ჩვენი სასურველი ფეხბურთელებიდან COVID 19-ის გამო, იძულების წესით არავინ გამოგვაკლდება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირება თბილისში დინამო არენაზე 12 ნოემბერსაა დაგეგმილი და ჯერაც გაურკვეველია, მასზე გულშემატკივრების დაშვება მოხდება თუ - არა. ცხადია, მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, რომელიც ძალებს ისევ იკრებს და დღეს, ქვეყანაში 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში სწორედ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში თამაშის უფლება უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში წარმატებული გამოსვლით მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პლეი ოფის ნახევარფინალში შინ ბელარუსს მოუგო (1:0), ჩრდილოელ მაკედონიამ კი თავის მხრივ კოსოვო დაამარცხა (2:1).

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებმა ამ შემოდგომით ორჯერ უკვე ითამაშეს. ერთა ლიგის C დივიზიონში ჩატარებული ორივე დაპირისპირება ფრედ, ერთნაირი ანგარიშით 1:1 დასრულდა. ცნობილია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ფინალურ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები