Thumbnail

'ეს ნიშნავს, რომ უკვე მოხუცი ვარ' - ნადალი კარიერაში მე-1000 მოგებაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რაფა ისტორიაში მხოლოდ მე-4 ჩოგბურთელია, ვინც ამგვარ წარმატებას მიაღწია
  • ესპანელი ვარსკვლავის შემდეგი მეტოქე ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი იქნება

ესპანელი რაფაელ ნადალი ჩოგბურთის ღია ერაში (1968 წლიდან მოყოლებული) მხოლოდ მე-4 მოთამაშე გახდა, რომელმაც კარიერაში მე-1000 გამარჯვების მოპოვება მოახერხა. აქამდე, აღნიშნული ზღვარი ამერიკელ ჯიმი კონორსს (1274 მოგება), შვეიცარიელ როჯერ ფედერერსა (1242) და ჩეხ ივან ლენდლს (1068) ჰქონდათ გადალახული.

34 წლის ნადალმა მისთვის ღირშესანიშნავ წარმატებას პარიზის მასტერსზე მიაღწია, სადაც მე-2 წრის მატჩში თანამემამულე ფელისიანო ლოპესს 4:6, 7:6 (7:5), 6:4 სძლია. საინტერესოა, რომ მასტერსის ტურნირების 35-გზის გამარჯვებულისთვის ეს როლან გაროსზე მე-13 ტიტულის მოგების შემდეგ პირველი თამაში იყო.

“მე-1000 მოგება იმას ნიშნავს, რომ უკვე მოხუცი ვარ. ესე იგი, უკვე ძალიან დიდი ხანია ვთამაშობ. ამ ნიშნულს იმის წყალობით მივაღწიე, რომ ბევრი წელია წარმატებით ვასპარეზობ და ეს ძალიან მახარებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში გვერდში მედგა. გასული მატჩი ძალიან სუსტად დავიწყე, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ისეთი ძლიერი მოწოდების მქონე ჩოგბურთელს ვეთამაშებოდი, როგორიც ფელია. მერეც წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდი, თუმცა, გამარჯვებისკენ მიმავალი გზა მოვძებნე. მთავარი ესაა და ამ მოგებით ვამაყობ. ასეთ მატჩში წარმატება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე სტანდარტულად - 6:3, 6:3 გამარჯვება”.

ცნობისთვის, ნადალს კარიერაში მე-900 გამარჯვება ასევე პარიზში, 2018 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე აქვს მოპოვებული, როდესაც მასპინძელ რიშარ გასკეს აჯობა, მისი პირველი მოგება კი 2002 წლით თარიღდება. მაშინ რაფაელმა მშობლიურ მალიორკაში რამონ დელგადო დაჯაბნა. პარიზის მასტერსის მეოთხედფინალის საგზურისთვის რაფას მეტოქე ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი იქნება, რომელმაც მე-15 ნომრად განთესილ ხორვატ ბორნა ჩორიჩს 2:6, 6:4, 6:2 სძლია.

📺 რაფაელ ნადალი 4:6, 7:6 (7:5), 6:4 ფელისიანო ლოპესი

კომენტარები

ბოლო ამბები