Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ორი ქართველი ლეგიონერი თამაშობს: დავით ხოჭოლავა (შახტარი) და ლაშა დვალი (ფერენცვაროში). მესამე ტურში ორივე მათგანმა ითამაშა, თუმცა მათთვის და მათი გუნდებისთვის მე-3 ტური იღბლიანი ნამდვილად ვერ გამოდგა.

ლაშა დვალმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა, პირველივე თამაშში მას კრიშტიანო რონალდოს, ალვარო მორატასა და პაულო დიბალას წინააღმდეგ მოუწია თამაში. 90 წუთში დვალმა whoscored.com-ისგან 5.16 ქულა დაიმსახურა 1:4 წაგებულ თამაშში, რაც ყველაზე ცოტაა თუ ფერენცვაროშის გოლკიპერს არ ჩავთვლით, რომელმაც ძალზე უხეში შეცდომები დაუშვა. ცუდი შეფასების ერთ-ერთი მიზეზი ავტოგოლიცაა, ქართველი მცველი შეეცადა ცარიელი კარიდან ბურთის გამოტანას, მაგრამ, საწმუხაროდ, საკუთარი დალაშქრა. 

25 წლის მცველმა 90-ჯერ მიიღო ბურთი, მან 3-ჯერ ჩაჭრა ბურთი და 1 ორთაბრძოლა მოიგო. მისი 82 პასიდან 87%-მდე ზუსტი იყო. ბურთის შეხებით და პასების რაოდენობით ლაშა გუნდში საუკეთესო იყო. 

შახტარი შინ მოულოდნელად, მიონხენგლადბახის ბორუსიასთან 0:6 განადგურდა. ხოჭოლავამ ამ თამაშში ასევე ცუდი შეფასება მიიღო - 5.19. ის ბურთს 96-ჯერ შეეხო, ქართველმა მცველმა თითოჯერ განმუხტა საფრთხე კართან, ჩაჭრა ბურთი და მოიგო საჰაერო დუელი. 94 პასიდან 90% ზუსტი იყო. სხვათა შორის, ისიც შახტარში საუკეთესო იყო ბურთთან შეხებითა და პასებით. 

კომენტარები

ბოლო ამბები