- თემურ ქეცბაიას ანორთოსისი კვიპროსის თასის 1/4 ფინალშია
- ბუბა დაუშვილმა თავი საგოლე პასით გამოიჩინა
კვიპროსის თასის 1/8 ფინალში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა პაფოსს 1:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქეცბაიამ სასტარტო 11-ეულში 3 ქართველი დააყენა: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი. 77-ე წუთზე მათ გიორგი ქვილითაიაც შეუერთდა. გამარჯვების გოლი კრისტოფიმ ტაიმის მიწურულს გაიტანა, დაუშვილის გრძელი საგოლე პასის შემდეგ. მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ ბოლო დროინდელი სიტუაციებისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი ილაპარაკა.

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "ვულოცავ გამარჯვებას ჩემ ფეხბურთელებს. ბოლო 10 დღის განმავლობაში 4 მატჩი ვითამაშეთ. დღევანდელი მეტოქე ძალიან კარგი იყო, მაგრამ კარგად ვითამაშეთ და დერბი გველის. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ფეხბურთელებს".
📺 ბუბა დაუშვილის საგოლე პასი პაფოსთან
ანორთოსისის ოთხივე ქართველი ლეგიონერი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს მასპინძლობს. 8 ნოემბერს ანორთოსისი ჩემპიონატის მე-10 ტურში ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლებს. სწორედ ეს თამაში იგულისხმა ქეცბაიამ, როცა დერბი ახსენა - ანორთოსისი საშინაო მატჩებს ლარნაკაში ატარებს. 9 ტურიდან 20 ქულით ქართველთა გუნდი მე-2 პოზიციაზეა, თუმცა ლიდერ აპოლონსაც ამდენივე ქულა აქვს (ნაკლები თამაშით).
კომენტარები