Thumbnail

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 19 წლის ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას მოსალოდნელ ტრანსფერზე ლამის ყოველდღიურად იწერება. ქართველი ტალანტით დაინტერესებას ხან გალათასარაის, ხანაც სევილიას, ტორინოსა და დორტმუნდს მიაწერენ.

ლა ლიგის კლუბში ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე Матч ТВ-ის კომენტატორმა სტანისლაც მინინმა ისაუბრა და შეეცადა გაეანალიზებინა, რამდენად შეძლებს ქართველი ფეხბურთელი სევილიაში თავის წარმოჩენას.

"ამ ტრანსფერს სავსებით დავუშვებ, რადგან ხვიჩა პოტენციალით ევროპული დონის მოთამაშეა. კიდევ ერთი ფაქტორი ისაა, რომ სეზონის დასაწყისიდან იკლო ოკამპოსის შედეგიანობამ, რომელიც გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ის ვეღარ იტანს და არ ჰგავს საკუთარ თავს. თუმცა, ისიცაა, რომ ტრავმის შემდეგ ფორმის სრულებით აღდგენა ვერ შეძლო. 

შეგვიძლია ხვიჩა სევილიას ფლანგზე წარმოვიდგინოთ, მაგრამ სხვა საქმეა, იმ დროისთვის როგორ ითამაშებს გუნდი. პლუს, იქ კონკურენცია ძალიან მაღალია. შესაძლოა ხვიჩა იმავე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც მირანჩუკი ატალანტაში. საჭიროა უცხო ჩემპიონატთან, თამაშის რიტმთან და სრულებით სხვა ფეხბურთთან შეჩვევა. ამაში ახლახან ფიოდორ სმოლოვიც დარწმუნდა, მაგრამ ხვიჩა ფიოდორზე გაცილებით პატარაა. ეს ის მოთამაშეა, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. თუკი მას ევროპულ ჩემპიონატში ახლა გავუშვებთ, შესაძლოა, პროცესი სწრაფად წარიმართოს. 

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სევილიას შეტევის მარცხენა ფლანგზე ჰყავს თავისი ახალგაზრდა ტალანტი. ეს ბრაიან ხილია, რომელიც ახლა იჯარით ეიბარში გამოდის (დიდი ალბათობით, სწორედ მაღალი კონკურენციის გამო). ეიბარში ხილი ძირითადის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია ამ ერთ წელიწადში კიდევ მოუმატოს. ეს ყველაფერი ხვიჩასთვის საინტერესო და კონკურენტულ, მაგრამ ძალიან მძიმე პირობებს ქმნის", - აქვეყნებს მინინის სიტყვებს რუსული მედია

რუბინი ხვიჩას გაყიდვას მხოლოდ ევროპულ კლუბში დათანხმდება 

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის რუბინთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მის სატრანსფერო ღირებულებად კი ცნობილი პორტალი transfermarkt 7,5 მილიონ ევროს ასახელებს. 

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 13 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 2-2 გოლითა და საგოლე პასით, ასევე მოპოვებული 3 პენალტით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები