Thumbnail

“შემოდგომის ერთა თასისთვის“ გამოძახებულ მორაგბეებს შორის სამი ახალგაზრდა დებიუტანტია – ორიაკის 19 წლის 9 ნომერი მიხეილ ალანია, არმაზის 19 წლის მგეზავი ლუკა მატკავა და ხვამლის 18 წლის ფულბეკი დავით ნინიაშვილი. სავარაუდოა, რომ მათ დებიუტი ინგლისის, უელსის ან ირლანდიის ნაკრებთან ექნებათ, რაც უდიდესი პატივია. ხსენებულ მორაგბეებს საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური ესაუბრა. 

მიხეილ ალანია: მოგვიწევს ავყვეთ საოცარ ტემპს

მიხეილ ალანია ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მეორედაა. პირველად მას ნაკრებში 2019 წლის მსოფლიო თასის წინ უხმეს, მაგრამ იაპონიაში წამსვლელთა შორის ვერ მოხვდა.

“2019 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ დავბრუნდი, პირველად ნაკრებში მაშინ დამიძახეს და ძალიან ბედნიერი ვიყავი. სამწუხაროდ, მაშინ საბოლოო შემადგენლობაში ვერ მოვხვდი და ვეცდები შანსი ახლა გამოვიყენო“ – ამბობს ალანია, რომელსაც შეკრებაზე მეორედ შოტლანდიასთან ტესტ-მატჩისთვის დაუძახეს, თუმცა ორიაკს ერთბაშად ორი 9 ნომერი დაემტვრა, ქართველ მორაგბეს კლუბში რეგულარულად თამაშის შესაძლებლობა მიეცა და მაისაშვილმა ის კლუბში დატოვა:

“ვფიქრობდი, რომ თამაში სეზონის დასაწყისშივე მომიწევდა, მაგრამ “ჟიფის“ სტატუსი არ მაქვს და დებიუტის ლოდინი დიდხანს მომიწია. შანსი რომ მივიღე, ვფიქრობ, კარგად გამოვიყენე და ამ კვირაში ზედიზედ მეხუთე თამაშს ჩავატარებ. ასეთი სათამაშო პრაქტიკა ნაკრებშიც გამომადგება. სწორედ ამაზე ვისაუბრე ლევან მაისაშვილთან ერთი თვის წინ და კონკრეტულად “შემოდგომის ერთა თასისთვის“ ვემზადებოდი. ასეთი მაღალი დონის ტურნირში პირველად ვითამაშებთ. მსოფლიო თასზეც კი არ გვიწევს ტიერ1-ის გუნდებთან ზედიზედ ოთხი მატჩის ჩატარება. ვფიქრობ, უნდა გავიდეთ და წნეხის გარეშე ვითამაშოთ, ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. მოგვიწევს ავყვეთ საოცარ ტემპს და ვფიქრობ, უდიდეს გამოცდილებას შევიძენთ”.

მიხეილის მამა ვეტერანი ბორჯღალოსანი კახა ალანიაა, რომელმაც 1993-2004 წლებში ბორჯღალოსნების მაისურით 25 თამაში ჩაატარა. ის ბედნიერია, რომ მისი შვილი ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირისთვის ემზადება და დებიუტს მოუთმენლად ელოდება:

“ნერვიულობა და სიხარული ერთდროულადაა. მე დებიუტი ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ მქონდა, ის კი ინგლისის, უელსის, ან ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს. მას რაგბისადმი მანიაკალური დამოკიდებულება აქვს და მიხარია თავდაუზოგავი შრომით ამდენს რომ მიაღწია“.

ლუკა მატკავა: დონეებში განსხვავება ძალიან დიდია

ნაკრების შეკრებაზე პირველადაა არმაზის მგეზავი ლუკა მატკავა, რომელმაც ჯერ უმცროს ბორჯღალოსნებში გამოიჩინა თავი, მერე – დიდი 10-ის გარდამავალ სეზონში და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყურადღება დაიმსახურა:

“ნაკრებში ყველა თბილად დამხვდა. აქ ოჯახური, იდეალური გარემოა და ყველა ერთმანეთს ვუფრთხილდებით. გახარებული ვარ და ამავდროულად ვნერვიულობ, რადგან ასეთი მაღალი დონის ტურნირზე წასვლა დიდი პასუხისმგებლობაა. თუ შანსი მომეცემა, მაქსიმალურად ვეცდები მის გამოყენებას. ტიერ1-ის გუნდებთან შეხვედრის შანსი ხშირად არ გვეძლევა და მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ შეგვიძლია მათ ტოლ-სწორად ვეთამაშოთ. აქამდე მსგავსი დონის გუნდებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვეთამაშე, მაგრამ დონეებს შორის განსხვავება ძალიან დიდია“. 

დავით ნინიაშვილი: ეს დიდი პასუხისმგებლობაა

ნაკრებში პირველად 17 წლის ასაკში, მაისში გამოიძახეს ხვამლის ფულბეკი დავით ნინიაშვილი. აქამდე მას 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე და 20-წლამდელების შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩში უთამაშია:

“მაისში ნაკრებში რომ დამიძახეს ვერ ვიჯერებდი, სანამ სია ჩემი თვალით არ ვნახე. გუნდში ყველა კარგად დამხვდა და ეს განწყობის შექმნაში დამეხმარა. ნაკრებთან ვარჯიშში დავხვეწე ფეხით თამაში და ხელის ტექნიკა, გავიუმჯობესე ფიზიკური კონდიციები და თუ მომეცემა თამაშის საშუალება, ვეცდები შესაძლებლობები მოედანზე დავამტკიცო. ეროვნულ ნაკრებთან ერთად ასეთი დონის ტურნირისთვის მომზადება დიდი პასუხისმგებლობაა და შევეცდები ჩემი გასაკეთებელი გავაკეთო. სრულად ვარ ჩართული მოსამზადებელ პროცესში და ველოდები პირველ თამაშს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერის პირველ მატჩს 14 ნოემბერს ლონდონში გამართავს და "თვიქნემზე" 6 ერის გამარჯვებულ ინგლისს შეხვდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გუნდები ერთმანეთს მსოფლიო თასს მიღმა დაუპირისპირდებიან. ქართველი მორაგბეები მათთვის ისტორიულ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უელსსა (21 ნოემბერი) და ირლანდიასაც (29 ნოემბერი) ეთამაშებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები