Thumbnail

სკანდალი პოლონეთში - ვაკო გვილიას გუნდში 'კოვიდიანებს' ათამაშებენ?

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ვარტასთან მატჩში ლეგიას ორ ფეხბურთელს საეჭვო სიმპტომები ჰქონდა
  • ვაკო გვილიას თანაგუნდელების ტესტირებამ პასუხები უარყოფითი აჩვენა
  • ვარშავის ლეგიაში ტესტირება მასობრივად 4 ნოემბერს უნდა ჩატარდეს

პოლონეთის ჩემპიონატში გამართული პოზნანის ვარტასა და ვარშავის ლეგიას მატჩის (0:3) შემდეგ, ვაკო გვილიას გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩესლავ მიხნევიჩმა რამდენიმე ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაიჩივლა. საუბარი სხეულის ტემპერატურის მატებასა და ყნოსვის დაკარგვაზე იყო, რამაც ეჭვები უმალ ლეგიაში კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ გააჩინა. 

როგორც გაირკვა, ვარტასთან სიცხიანმა ლეგიას ფეხბურთელმა იგორ ლევჩუკმა ითამაშა, შესვენების დროს კი ყნოსვის დაკარგვის შესახებ ტომაშ პახარტმა დაიჩივლა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ამცივნებდა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, ვაკო გვილიამ მატჩი სასტარტოში დაიწყო და ის 59-ე წუთზე შეცვალეს.

ლეგიას მწვრთნელის სიტყვებს პოლონეთის საფეხბურთო საზოგადოების შეშფოთება მოჰყვა. პრეტენზიები გამოითქმოდა იმასთან დაკავშირებით, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბმა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მისცა მოთამაშეს, რომელსაც შესაძლოა კორონავივრუსი ჰქონდა. ზოგიერთმა ექსპერტმა პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციისგან ამ ინციდენტის განხილვა და კლუბისთვის სანქციების დაკისრებაც მოითხოვა.

მოგვიანებით კლუბმა ოფიციალურ საიტზე განცხადება გამოაქვეყნა:

"გუნდის არცერთ მოთამაშეს ვარტასთან მატჩის წინ Covid-19-თან დაკავშირებული სიმპტომები არ ჰქონია. პახარტმა შესაძლო სიმპტომებზე მხოლოდ მოედნის დატოვების შემდეგ განაცხადა და მაშინვე მოხდა მისი გუნდისგან იზოლირება. კლუბი ყველა სათანადო პროცედურას ატარებს. 3 ნოემბერს ლევჩუკსა და პახარტს ტესტირება ჩაუტარდათ და პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. 4 ნოემბერს ტესტირება მთლიან გუნდს კიდევ ერთხელ ჩაუტარდება".

ლეგია პოლონეთის ექსტრაკლასაში გასული 8 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და ცხრილში მესამეა

საქართველოს ნაკრებს 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის - თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ვლადიმირ ვაისის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. 26 წლის ვაკო გვილია საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

კომენტარები

ბოლო ამბები