Thumbnail
  • 12 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ჩრდ. მაკედონია | 📺 პირველი არხი
  • რა ხდება იგორ ანგელოვსკის გუნდში
  • ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა თბილისისთვის

12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ისტორიაში გადამწყვეტი მატჩი ელის - თუ თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაამარცხებს, ევრო 2020-ზე ითამაშებს, რომელიც გაისად გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ნაკრები დიდ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას ფეხბურთში.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თავკაცი იგორ ანგელოვსკი საქართველოს ნაკრებთან გამოძახებულ შემადგენლობას 6 ნოემბერს გამოაცხადებს. მაკედონიური გამოცემა წერს, რომ თუ გუნდს ტრავმები ან  Covid-19-ის შემთხვევები ხელს არ შეუშლის, შემადგენლობაში სიურპრიზები არ იქნება. 

მუსოვსკის გაფორმებას ვერ ასწრებენ

MLS-ის ერთ-ერთმა გოლეადორმა დენი მუსოვსკიმ ახლახან ოფიციალურად დაადასტურა, რომ იღებს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მიწვევას, მაგრამ ადგილობრივი პრესა ამტკიცებს, რომ მაკედონიელები მის გაფორმებას თბილისურ მატჩამდე ვერ ახერხებენ. პროცედურები გასავლელია, სანამ დენი მუსოვსკი ქვეყნის მოქალაქეობასა და პასპორტს მიიღებს. თუ სასწაული არ მოხდა, მუსოვსკი მეტოქეს მხოლოდ მარტიდან დაეხმარება. 

შეგახსენებთ, რომ 24 წლის დენი მუსოვსკი აშშ-ს მოქალაქეა, მან ამ სეზონში 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. 

საქართველოს მერე სომხეთთან

18 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ერთა ლიგაში სომხეთს უნდა ესტუმროს. უეფას გადაწყვეტილებით, სომხეთში არსებული საომარი ვითარების გამო, შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე ნიქოზიაში გაიმართება. gol.mk წერს, რომ ეს იქნება თამაში პირველი ადგილისათვის და B ლიგის საგზურისთვის. არადა, სწორედ ამ ჯგუფში არის საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ასევე იბრძვის პირველი ადგილისთვის. შეგახსენებთ, რომ მანამდე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები (15 ნოემბერი) ესტონეთს ეთამაშება. 

მე მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გავაკეთე

იგორ ანგელოვსკიმ ახლახან დეიან კულუშევსკის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ იუვენტუსის ნახევარმცველმა შვედეთის ნაკრებში არჩია თამაში, თუმცა წარმოშობით მაკედონიელია:

იგორ ანგელოვსკი

იგორ ანგელოვსკი: "მან 17-წლამდელთა ნაკრებში 6 თვის განმავლობაში ითამაშა. მე შევთავაზე მაკედონიის ნაკრებში თამაში, მაგრამ მამამისმა თქვა, რომ მათი პრიორიტერი შვედეთის 19-წლამდელთა ნაკრები იყო. ეს გუნდი თანატოლთა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დავილაპარაკოთო. თუმცა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მათ განმიცხადეს, რომ არჩევანი შვედეთის სასარგბლოდ გააკეთეს. როგორც მწვრთნელმა ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ძალიან ახალგაზრდულ ასაკში ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის გარანტია მივეცი. მაგრამ მათი გადასაწყვეტია, რომელ ნაკრებში ითამაშონ". 

რისტევსკის კორონავირუსი ხელს ვერ შეუშლის?

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების სია 6 ნოემბერს იქნება ცნობილი, თუცა SPORTMEDIA-მ თავისი ვერსია უკვე გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ამ სამი თამაშისთვის (საქართველო, ესტონეთი, სომხეთი) იგორ ანგელოვსკი 4 გოლკიპერს გამოიძახებს. მიზეზი ის არის, ერთა ლიგის მატჩში საქართველოს ნაკრებთან მეკარე დიმიტრიევსკიმ ხელით ითამაშა საჯარიმოს გარეთ და ის ესტონეთთან მატჩს გამოტოვებს. 

აღსანიშნავია, რომ მცველ კირე რისტევსკის კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიელებს იმედი აქვთ,რომ უიპეშტის 30 წლის ცენტრალური მცველი გამოჯანმრთელდება. რაც შეეხება ნაპოლის შემტევ ელიფ ელმასს, ის უკვე გამოჯანმრთელდა, გატუზოს გუნდში ვარჯიშობს კიდეც. 

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები SPORTMEDIA-ს ვერსიით

მეკარეები: დიმიტრიევსკი, შიშკოვსკი, ბოჟინოვსკი, ბოგატინოვი

მცველები: რისტოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ველკოვსკი, ზაიკოვი, ტოშევსკი, რისტევსკი

ნახევარმცვები: ადემი, ნიკოლოვი, ბარდი, სპიროვსკი, ალიოსკი, კოსტადინოვი

თავდამსხმელები: პანდევი, ელმასი, ნესტეროვსკი, ტრაიკოვსკი, ტრიჩკოვსკი, სტოიანოვსკი, ველკოსკი. 

კომენტარები

ბოლო ამბები