Thumbnail
  • ანორთოსისში, სადაც 4 ქართველი ფეხბურთელია, COVID 19-ის შემთხვევა გამოვლინდა
  • ეს ჩრდილოეთ  მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალის წინ საგანგაშო ფაქტია

ფამაგუსტას ანორთოსისში, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის და სადაც საქართველოს ნაკრების არაერთი ფეხბურთელი თამაშობს, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

არსებული ინფორმაციით, ტესტირების შედეგად, დადებითი პასუხი კლუბის ერთ წარმომადგენელს აღმოაჩნდა, თუმცა, არ კონკრეტდება, ეს ფეხბურთელი გახლავთ თუ სტაფის წევრი.

“ჩვენს კლუბში ჩატარებული შემოწმების შედეგად COVID 19-ის შემთხვევა გამოვლინდა. მზად ვართ ვიმოქმედოთ ისე, როგორც არებულ რეგულაციებში არის გაწერილი. უახლოეს პერიოდში დამატებითი ტესტები იქნება ჩატარებული”, - ვკითხულობთ ანორთოსისის ოფიციალურ განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფამაგუსტელებმა უკვე გააუქმეს დღევანდელი ვარჯიში, კვიპროსული გუნდის უახლოესი ნაბიჯები კი მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. არადა, ანორთოსისს ქვეყნის თასზე უახლოესი მატჩი უკვე 4 ნოემბერს პაფოსთან ელის.

ეს ინფორმაცია საგანგაშო უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ვლადიმირ ვაისისთვის, რომელიც ეროვნულ გუნდში ანორთოსისის ოთხივე ფეხბურთელს – გიორგი ლორიას, ბუბა დაუშვილს, თორნიკე ოქრიაშვილსა და გიორგი ქვილითაიას იძახებს ხოლმე.

თუკი კვიპროსულ გუნდში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, არსებობს შანსი აღნიშნულ ოთხეული ეროვნულ ნაკრებს მიღმა აღმოჩნდეს უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრებს 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან აქვს დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის გამარჯვებული ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები