Thumbnail

მანჩესტერი მძიმე დღეშია - არსენალმა 'ოლდ ტრაფორდზე' მოიგო

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მანჩესტერი 0:1 არსენალი | ობამეიანგი (69, პენ)
  • არსენალმა "ოლდ ტრაფორდზე" 2006 წლის შემდეგ პირველად მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედმა ლონდონის არსენალს უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა. მიკელ არტეტას გუნდს გამარჯვება პიერ-ემერიკ ობამეიანგმა მოუტანა.

ლონდონელთა გაბონელმა ფორვარდმა 69-ე წუთზე მეტოქის კარის თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან დალაშქრა და "მეთოფეებს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. საინტერესოა, რომ არსენალმა პრემიერლიგის დიდი ექვსეულის გუნდებთან გასვლითი თამაში 2015 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოიგო, როდესაც მანჩესტერ სიტის 2:0 აჯობა. ამ პერიოდში არსენალმა დიდი ექვსეულის გუნდებთან სტუმრად 29 მოუგებელი თამაში ჩაატარა (10 ფრე, 19 წაგება).

პიერ-ემერიკ ობამეიანგის გამარჯვების გოლი

მანჩესტერს კი პრემიერლიგაში საშინელი სტარტი აქვს და 1972/73 წლების სეზონის შემდეგ პირველად "ოლდ ტრაფორზე" სასტარტო ოთხი მატჩიდან ვერცერთი მოიგო. მაშინ "წითელი ეშმაკები" მე-18 ადგილზე გავიდნენ.

გარდა ამისა, ოლე გუნარ სულშერის გუნდს 2013/14 წლების სეზონის შემდეგ, როცა გუნდს დევიდ მოიესი წვრთნიდა, ყველაზე ცუდი სტარტი აქვს - 6 თამაშში მხოლოდ 7 ქულა (მანჩესტერელებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული). კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ის, რომ არსენალმა "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერლიგის ეგიდით 2006 წლის სექტემბერის შემდეგ პირველად იმარჯვა და "ოცნებათა თეატრში" 13-მატჩიანი მოუგებელი სერია (8 ფრე, 5 წაგება) დაასრულა.

ლონდონის არსენალი 13 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, ხოლო მანჩესტერს 7 ქულა აქვს და მე-15 პოზიციას იკავებს.

მანჩესტერი 0:1 არსენალი

გოლი: 0:1 ობამეიანგი 69’ პენ

📺 მანჩესტერი 0:1 არსენალი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები