Thumbnail
  • ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელის იგორ ანგელოვსკის ინტერვიუ
  • 'ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად 200%-ით დავიხარჯებით'
  • 'საქართველოს ნაკრები შესწავლილი გვყავს და თბილისში მოსაგებად მივდივართ'

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საქართველოს ნაკრები ისტორიაში უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს. მაკედონიური გამოცემა sportmedia იგორ ანგელოვსკის ესაუბრა, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უკვე 5 წელია ავარჯიშებს. 44 წლის სპეციალისტი საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში მთლიანად მოახლოებული თამაშის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია.

sportmedia: მე-13 მწვრთნელი ხართ მაკედონიის ნაკრების ისტორიაში და თუ გახდებით პირველი, ვინც გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს?

იგორ ანგელოვსკი: ამას საქართველოსთან მატჩის დასრულების შემდეგ გავიგებთ, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მაკედონია, როგორც გუნდი ყველაფერს გააკეთებს თბილისში მოსაგებად. 200%-ს გავიღებთ, რომ ევრო 2020-ზე გავიდეთ. ბედნიერი ვარ ამ გუნდში მუშაობით და მიხარია, რომ ამ ბიჭებთან ერთად, ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ფანტასტიკურ წარმატებას.

მატჩის წინ ნაკრებში ნერვიულობა თუ იგრძნობა?

ანგელოვსკი: არ ვიტყოდი, რომ შფოთვა ან ნერვიულობა არის. კარგად ვიცი რა მელის და რა გველის ყველა ჩვენგანს. ახლა, უფრო მეტადაც მოტივირებულები ვართ. გულწრფელად გითხრათ, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ეროვნული ნაკრების ნებისმიერი სხვა მატჩის წინ. ცივი გონებით და ბევრი, ზედმეტი ემოციის გარეშე. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ეს თამაში, მაგრამ არ გვინდა უფრო მეტი ზეწოლის შექმნა.

იგორ ანგელოვსკი და მაკედონიის ნაკრების ლიდერი ეზგიან ალიოსკი

თქვენი დებიუტი ნაკრებში 2015 წლის 12 ნოემბერს შედგა მონტენეგროსთან და 4:1 მოიგეთ. ახლა 2020 წლის 12 ნოემბერს ისტორიულ და საბედისწერო მატჩში უხელმძღვანელებთ გუნდს. ეს 5 წელი ძალიან სწრაფად გავიდა?

ანგელოვსკი: კარგად მახსოვს, რა ვუთხარი მონტენეგროსთან მატჩამდე ბიჭებს. ვუთხარი, რომ ჩვენ ერთად ვითამაშებდით ევროპის ჩემპიონატზე და 5 წლის შემდეგ ამ საგზურისთვის ვითამაშებთ. მივაღწიეთ იმას, რაც ამ პერიოდში ყველამ ერთად გავაკეთეთ. გახსოვთ, სად იყო მაშინ ჩვენი ნაკრები და სად არის ახლა. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს თამაში ჩვენთვის ისტორიული არ არის. ისტორიული იქნება 13 ივნისს ევროპის ჩემპიონატის პირველი თამაში ავსტრიასთან, რა თქმა უნდა, თუ იქ გასვლას მოვახერხებთ. მჯერა, რომ თბილისში წარმატებას მივაღწევთ. თქვენ, ჟურნალისტებმა კოსოვოსთან შეხვედრას ისტორიული უწოდეთ. დიახ, ეს იყო მნიშვნელოვანი თამაში, მაგრამ თბილისში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მატჩია.

გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ნაკრების შემადგენლობის გამოცხადებას. იქნება თუ არა ცვლილებები და როგორ ითამაშებს მაკედონია თბილისში?

ანგელოვსკი: სიაში განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. ისინი, ვინც აქამდე თამაშობდა და ვინც თვლის, რომ წარმატებამდე 1 ნაბიჯი აშორებს. ექსპერიმენტები არ იქნება, მე, როგორც მწვრთნელი, ცნობილი ვარ, რომელსაც ექსპერიმენტები არ უყვარს. მაკედონია თბილისში საუკეთესო ფეხბურთს ითამაშებს, მაქსიმუმს გაიღებს, საჭიროების შემთხვევაში 120 წუთისთვისაც მოვემზადებით. თბილისში, გამარჯვებისთვის წავალთ, ამაში არანაირი დილემა არ არის და ჩვენს გზას არ გადავუხვევთ.

ორი თვის განმავლობაში ეს იქნება მე-3 მატჩი საქართველოსთან. სექტემბერში თბილისში 1:1 და გასულ თვეში სკოპიეში 1:1. ახლა გამარჯვებული აუცილებლად გამოვლინდება...

ანგელოვსკი: დიახ და ჩვენ ველით, რომ ეს მაკედონია იქნება. საქართველო გამოცდილი და ხარისხიანი გუნდია. ორივე შეხვედრაში კაცნაკლულებმა ვითამაშეთ და ვაჩვენეთ, რომ მათ წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია. პირველ მატჩში ორივე გუნდმა საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა, ხოლო სკოპიეში მეც და ვაისმაც საუკეთესო შემადგენლობაზე უარი ვთქვით, რაც ტაქტიკური იდეების დამალვით იყო გაპირობებუბლი. საქართველოს ნაკრები დეტალურად გვყავს შესწავლილი, ვიცით, რა შეგვიძლია და რა უნდა გაკეთდეს. მე და ვაისმა ტაქტიკა შევიმუშავეთ და ახლა მხოლოდ მოედანზე უნდა ვნახოთ, რომელია უკეთესი გუნდი. ჩემგან ახლა ვერ მოისმენთ, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს. ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ თავსაც ვაფასებთ. ვიცით, რისი გაკეთება შეგვიძლია.

📺 საქართველო V ჩრდილოეთ მაკედონია [მიმოხილვა]

ამ დროისთვის კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები არ გვაქვს?

ანგელოვსკი: COVID 19-ის პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც სიტუაცია დღითიდღე იცვლება. არ ვიცი რა იქნება 12 ნოემბრამდე, უბრალოდ იმედი მაქვს და მსურს, რომ ყველა, ვისაც ნაკრებში გამოვიძახებ, ჯანმრთელი იქნება, რათა თბილისში, რაც შეიძლება ძლიერი შემადგენლობით წავიდეთ. შეკრებას 9 ნოემბერს დავიწყებთ, მეორე დღეს სკოპიეში ვივარჯიშებთ და შემდეგ საქართველოში წავალთ.

ელმასის დაბრუნება კარგი ამბავია?

ანგელოვსკი: ეს კარგი კი არა, შესანიშნავი ამბავია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბუთელია თავისი ენერგიით და ხარისხით. კოსოვოსთან არ გვყავდა, მაგრამ თბილისში გვეყოლება. მოხარული ვარ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი გადალახა და იმედი მაქვს, რომ თამაშისთვის მზად იქნება. როდესაც ნაკრებში თამაშობს, ყოველთვის განსაკუთრებულად მოტივირებულია, როგორც სხვა დანარჩენები, პანდევი, ბარდი, ნესტოროვსკი, ადემი, რისტოვსკი და სხვები.

ყველა სცენარისთვის მზად ხართ? თუნდაც მატჩის წინ კორონავირუსის დადებით ტესტებზე?

ანგელოვსკი: დიახ, აბსოლუტურად. მზად ვართ ყველა სცენარისთვის, ყველა ზეწოლისთვის. კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს მატჩი ჩვენთვისაც და საქართველოსთვისაც. იმედი მაქვს, რომ არ განმეორდება ის, რაც ტალინში მოხდა, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.

მაკედონიელები კოსოვოსთან გამარჯვებას ზეიმობენ

გაწუხებთ ეიფორია, რომელიც გულშემატკივრებში შეიქმნა კოსოვოსთან მატჩის შემდეგ, რომ ჩვენ უკვე ევროპის ჩემპიონატზე ვართ, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ფინალია სათამაშო?

ანგელოვსკი: არა, პირიქით. ეს ეიფორია დამატებით ძალას გვაძლევს, როგორც მე, ისე ყველას ნაკრებში. ამ 5 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ ჩვენი გულშემატკივრების ნდობის მოსაპოვებლად და წარმატებასთან ახლოს ვართ. ეს ალბათ ამ თაობის ფეხბურთელებისთვის უდიდესი წარმატება იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენთან იყო და მხარს გვიჭერდა კოსოვოსთან მატჩის დაწყებამდე, თამაშის განმავლობაში და შემდეგ. როგორც არასდროს, ჩვენ ერთად ვიყავით გაერთიანებული, ყოფილი ფეხბურთელების, ცნობილი სპორტსმენები, ყოფილი მწვრთნელები, კლუბები და საზოგადოება. კოსოვოსთან მატჩის დროს მხარდაჭერა ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი ცარიელი იყო. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოსთან მატჩის დროსაც ასე იქნება. მაკედონია მოუთმენლად ელოდება წარმატებას, 27 წელი ველოდით ასეთ მატჩს და მხარდაჭერა, რომელსაც მივიღებთ, კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მოგვცემს.

📺 მაკედონია v საქართველო [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიისა ნაკრებთა ფინალური მატჩი 12 ნოემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება და გამარჯვებული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავა. ეს გუნდები ერთმანეთს სექტემბერსა და ოქტომბერში ორჯერ უკვე შეხვდნენ და ორივე შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები