- ერლინგ ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა
- დორტმუნდის გოლეადორს ფენომენალური შედეგები აქვს
დორტმუნდის გოლეადორი ერლინგ ჰაალანდი უბრალოდ შეუჩერებელია!
სანკტ პეტერბურგის ზენიტთან მოგებულ მატჩში (2:0) ნორვეგიელმა ცენტრფორვარდმა ჩემპიონთა ლიგის ძალიან საყურადღებო რეკორდი დაამყარა. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში თავის მე-10 მატჩში მან მე-12 გოლის გატანა შეძლო. ასეთი მიღწევა ტურნირის ისტორიაში მანამდე არავის ჰქონია. პირველ 10 მატჩში 9-9 გოლით აქამდე რეკორდს სიმონე ინძაგი, სადიო მანე და ჰარი კეინი ფლობდნენ.
📌 შედარებისთვის: კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგაში 12 გოლის გასატანად, არც მეტი, არც ნაკლები, 47 თამაში დასჭირდა.
📌 ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგაში თავისი მე-12 გოლი 25-ე შეხვედრაში გაიტანა.
📌 ლეგენდარულ ბრაზილიელ რონალდოს კი 12 გოლის გასატანად 32 მატჩი დასჭირდა.
ზენიტთან მატჩის შემდეგ თავად ჰაალანდმა არა საკუთარ, არამედ გუნდის წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება: “ბურთს ვფლობდით და სწრაფი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა. მეტოქე მხოლოდ თავს იცავდა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ შანსები მოგვეცემოდა, უბრალოდ, უნდა მოგვეთმინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულაა,” - თქვა ნორვეგიელმა Sky-ს მიკროფონთან.

20 წლის ჰაალანდი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში არ ბრწყინავს. ამ სეზონში მას 9 ოფიციალურ მატჩში უკვე 8 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასის გაკეთებაც მოასწრო.
მისი მხრიდან სხვა რეკორდების მოხსნა მხოლოდ დროის საკითხია.
კომენტარები