Thumbnail
  • საქართველოს ნაკრების წევრმა უნგრეთში მხოლოდ 2 წრე გაიარა
  • საერთაშორისო ძიუდო 8-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა

22 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ.) ბუდაპეშტის გრანდ სლემზე მხოლოდ 2 ორთაბრძოლა მოიგო და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. უნგრეთის დედაქალაქში პრესტიჟული ტურნირი დღეს დაიწყო და ამგვარად, საერთაშორისო ძიუდო 8-თვიანი პაუზის მერე განახლდა.

შეჯიბრის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრთაგან ტატამიზე მხოლოდ ნინიაშვილი გავიდა და საწყის რაუნდებში მოლდოველ დენის ვიერუსა და ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვს ვაზარებით აჯობა, მერვედფინალში კი, აზერბაიჯანელ ორჰან საფაროვთან იპონით დამარცხდა.

შაბათს საქმეში კიდევ ორ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი შვედ ტომი მაციასს შეხვდება. ბადის მეორე მხარეს არის ლაშა შავდათუაშვილი. ოლიმპიური ჩემპიონი მეორე წრეში კოსოვოელ აკილ გიაკოვას ხვდება.

ბუდაპეშტის გრანდ სლემი კვირას დასრულდება და ტატამიზე საქართველოს ნაკრების 3 წევრი გავა. 90 კგ-ში მეორე წრიდან იწყებს ავთანდილ ჭრიკიშვილი, მისი მეტოქე მიხაილ იგოლნიკოვია (რუსეთი). ამ წონის ფავორიტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) ჭრიკიშვილს შესაძლოა, ნახევარფინალში დაუპირისპირდეს. 100 კილოზე მეტ კატეგორიაში გელა ზაალიშვილი ყირგიზ იური კრაკოვეცკის შეხვდება. საწინააღმდეგო ბადეშია ლევან მატიაშვილი, ის ყაზახ იერასილ კაჟიბაევს ეჭიდავება.

კომენტარები

ბოლო ამბები