Thumbnail
  • თემურ ქეცბაია ანორთოსისის შეტევის ხაზს მთლიანად შეცვლის
  • ქართველების გუნდს აპოელთან პრინციპული თამაში აქვს

ფამაგუსტას ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში ნიქოზიის აპოელთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ემზადება. როგორც Larnakasports წერს, თორნიკე ოქრიაშვილი სათამაშოდ მზადაა და ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ქართველმა შემტევმა მცირე დაზიანება ჯერ კიდევ სანაკრებო შეკრებაზე მიიღო და როგორც ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი, ისე კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა გამოტოვა. თუმცა თორნიკე მზადაა, სასტარტოში დაბრუნდეს და პრინციპულ მეტოქესთან ითამაშოს.

იმავე გამოცემის ვარაუდით, თემურ ქეცბაია აპოელთან შეტევის ხაზს სრულად შეცვლის იმის მიუხედავად, რომ ანორთოსოსმა ბოლო თამაში ნეა სალამინასთან 4:1 მოიგო და წესით, შეტევის ხაზით კმაყოფილიც უნდა იყოს.

ქეცბაია 4 გოლის გამტან შეტევას ცვლის

მოსალოდნელია, რომ შეტევის მარცხენა ფლანგზე ჩარლს ელუნდუს ოქრიაშვილი შეცვლის, მარჯვენა ფლანგზე კი ნეა სალამინასთან ჰოვჰანეს ჰამბარცუმიანი მოქმედებდა, მაგრამ ის გააძევეს და შესაბამისად, დისკვალიფიცირებულია. თუმცა, ქეცბაიასთვის ეს დიდი პრობლემა არ არის, რადგან ნიკოს კალცასი გუნდს დაუბრუნდა.

რაც შეეხება ცენტრფორვარდის პოზიციას: წინა შეხვედრაში მიხალის მანიასმა ჰეთთრიკი შეასრულა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბერძენ ფორვარდს ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს. მისი კონკურენტი გიორგი ქვილითაიაა, რომელიც აპოელთან, დიდი ალბათობით, ძირითადში იქნება.

მიმდინარე სეზონში ანორთოსისს 6 მატჩი აქვს ჩატარებული 13 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. ანორთოსოსი-აპოელის მატჩი 25 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები