Thumbnail

ჩემპიონთა ლიგა | რომელ თამაშებს დაესწრებიან ფანები და რომელს არა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

20-21 ოქტომბერს სტარტს იღებს 2020/21 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. მოგეხსენებათ, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, უეფამ ოქტომბრიდან გარკვეული შეზღუდვებით გულშემატკივრებს მატჩებზე დასწრების უფლება მისცა. დაშვებულია ტრიბუნების მაქსიმუმ 30%-ით შევსება. 

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოსაც შეეძლო "დინამო არენის" 30%-ით შევსება, მაგრამ საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით, სფფ-მ მაყურებელი ამ თამაშზე არ დაუშვა. მიუხედავად ამისა, ათასობით გულშემატკივარი სტადიონის წინ დიდ ეკრანთან შეიკრიბა. 

ვნახოთ, ევროპაში ვინ როგორ აპირებს უეფას რეკომენდაციის გამოყენებას. სად იქნება დაშვებული მაყურებელი და სად არა. ორშაბათის მონაცემებით (პანდემიის დროს ყველაფერი სწრაფად იცვლება) - 16-დან მხოლოდ 7 სტადიონზე დაუშვებენ ფანებს პირველ ტურში. ყველაზე მეტ გულშემატკივარს კიევში ელიან - დინამოსა და იუვენტუსის მატჩზე, 20 ათას ადამიანზე მეტი მივა. 

ლაიპციგში 8.5 ათასი ბილეთის გაყიდვას აპირებდნენ ბაშაკშეჰირთან მატჩისთვის, თუმცა გადაწყდა, რომ მხოლოდ 999 ბილეთი გაიყიდება. რენს ლიგაზე დებიუტი აქვს და კრასნოდართან მატჩში 5 000 ფანს ელიან. ლაციოსა და ინტერის თამაშებზე, იტალიის წესების თანახმად, 1 000-1 000 ფანია დაშვებული. 

გერმანიაში ლაიპციგში ფანები დაუშვეს (თუმცა რიცხვი შეკვეცეს), მაგრამ მიუნხენში არა - ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ატლეტიკოს უმაყურებლოდ უმასპინძლებს. ავსტრიაში ზალცბურგისა და ლოკომოტივის თამაშზე 3 000 ადამიანს ელიან. 

რუსებს სურდათ ტრიბუნების 50% შეევსოთ, როგორც შიდა ჩემპიონატშია, მაგრამ უეფამ ამის ნება მათ არ მისცათ - სანკტ პეტერბურგში 68-ათასიანი სტადიონი ბრიუგესთან 30%-ით გაივსება, გულშემატკივრებისთვის ნიღაბი და ხელთათმანები აუცილებელია. 

ინგლისში და ესპანეთში მაყურებელი დაშვებული არ არის. ბარსელონა კატალონიის მთავრობისგან 1 000 ფანის დაშვების ნებართვას ითხოვდა ფენერცვაროშთან მატჩში, მაგრამ უარი მიიღო. ნიდერლანდებშიც აიაქსი ცარიელი ტრიბუნების წინ ეთამაშება ლივერპულს, იგივე სიტუაცია იქნება პირეოსშიც, სადაც ოლიმპიაკოსი მარსელს ხვდება.

პარი სენ-ჟერმენისა და მანჩესტერ იუნაიტედის თამაში პირველ ტურში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა, მაგრამ ისიც უმაყურებლოდ ჩაივლის. დანიურ მიდტიულანდსაც ლიგაზე დებიუტი უმაყურებლოდ მოუწევს ატალანტასთან დაპირისპირებაში. დანიის კანონებით, 500 მაყურებლის დასწრება შესაძლებელია, მაგრამ აქ შედის მომსახურე პერსონალიც და ფეხბურთელებიც. ასე რომ, მიდტიულანდს ფანების მხარდაჭერა ვერ ექნება. მხოლოდ უეფასთან დაკავშირებული სტაფის რიცხვი 100-მდე აღმოჩნდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები