Thumbnail

'გოლის გატანა დახუჭული თვალებითაც შეუძლია' - მიქაუტაძეს გრანდები აკვირდებიან?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ბრიუგე და ანდერლეხტი ეცდებიან, უკვე ზამთარში ის თავის რიგებში იხილონ'
  • ჟორჟ მიქაუტაძეს, რომელსაც 7 მატჩში 14 გოლი აქვს, სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდეს

19 წლის თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე ფენომენალურ სეზონს ატარებს, რაც შეუმჩნევლად არც ბელგიურ პრესას რჩება. შეგახსენებთ, რომ ქართული წარმომავლობის მქონე ფორვარდს ბელგიური სერენის მაისურით 7 მატჩში უკვე 14 (!) გოლი აქვს გატანილი და როგორც სჩანს, ეს, მხოლოდ დასაწყისია. მიქაუტაძემ გუშინ მოლენბეკთან დუბლი შეასრულა და კიდევ ერთხელ აალაპარაკა ბელგიური მასმედია, სადაც მას “ფრანგ ქართველად” მოიხსენიებენ.

“ბელგიის 1B დივიზიონის აღმოჩენა ფენომენალურ სტატისტიკას ინარჩუნებს: მას საშუალოდ 44 წუთში ერთხელ გააქვს”- ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას Voetbalkrant, სადაც ვკითხულობთ:

“ბელგიის პირველი დივიზიონის გუნდებმა უკვე იციან, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია: ჟორჟ მიქაუტაძეს მეტოქის კარისკენ გზის პოვნა დახუჭული თვალებითაც კი შეუძლია. მოლენბეკთან შეხვედრაში მან მონაგარს კიდევ 2 გოლი შემატა. სერენი ამ მატჩში 2 ბურთით ჩამორჩა, თუმცა, მშველელად ისევ ჟორჟი მოევლინა. ფრანგული მეციდან ნათხოვარმა ფორვარდმა დუბლი ჯერ კიდევ შესვენებამდე შეასრულა. ამგვარად, ის ფენომენალურ შედეგიანობას ინარჩუნებს. თუკი გამოვითვლით, გამოვა, რომ მას საშუალოდ ყოველ 44 წუთში გააქვს”.

ახალგაზრდა ბომბარდირს უფრო ვრცელ პუბლიკაციას უძღვნის Voetbalnieuws და კონკრეტულ მინიშნებასაც აკეთებს, რომ მიქაუტაძე ბელგიური ფეხბურთის გრანდებისთვისაც ჩინებული შენაძენი იქნებოდა. სტატიას სათაურიც შესაბამისი აქვს: “სასურველი ფეხბურთელი ანდერლეხტისთვის: ის გოლების გარანტიაა”:

“გასულ უქმეებზე ვიხილეთ ის, რაც აქამდეც გვინახავს. ჟორჟ მიქაუტაძემ ისევ გაიტანა და თანაც, მოლენბეკთან შეხვედრაში ეს 2-ჯერ გააკეთა. სერენის ფრანგი ქართველი ბელგიური ლიგის მთავარი აღმოჩენა და ყველაზე რთული ოპონენტია პირველი დივიზიონის ნებისმიერი გუნდისთვის, ამასთან, ჟორჟი ტიპიური თავდამსხმელი ნამდვილად არაა.

თავის დროზე Stade du Pairay-ს მთავარი გმირები ბრაზილიელები ვამბერტო და ედმილსონი იყვნენ, მიმდინარე სეზონში კი, სერენის ქომაგთათვის მთავარი კაცი ჟორჟ მიქაუტაძეა. კვირას მან სეზონში მე-13 და მე-14 გოლები გაიტანა და ეს, მხოლოდ 7 თამაშში.

გასულ ზაფხულს სერენმა ფრანგული მეციდან 6 ფეხბურთელი აიყვანა და როგორც სჩანს, ბელგიური კლუბისთვის ამ თანამშრომლობას დიდი სარგებელი მოაქვს. 7 ტურის თავზე გუნდი ერთპიროვნული ლიდერია და უკვე 25 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. სხვა საქმეა, რომ აქედან 14 გოლი მიქაუტაძის ანგარიშზეა, გამოდის, რომ ლიეჟელთა გოლების 56% სწორედ ჟორჟის ანგარიშზეა.

“მისი შეჩერება ძალიან რთულია, რადგანაც გატანა სხვადასხვა ხერხით შეუძლია. მას დარტყმა შეუძლია როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხით. ბევრი უნარი აქვს, ამდენად, ტიპურ 9 ნომერს ვერ დავარქმევდი”, - ამბობს სერენის მთავარი მწვრთნელი ემილიო ფერერა, თუმცა, კლუბის ქომაგებისთვის მთავარი ისაა, რომ ჟორჟს გოლი გოლზე გააქვს და ამას როგორ გააკეთებს, ალბათ, დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

📺 აი, ასე თამაშობს და ასეთი გოლები გააქვს ჟორჟ მიქაუტაძეს

ჟორჟ მიქაუტაძის სახელი ნამდვილი კოშმარია პირველი დივიზიონის მეკარეებისთვის, განსაკუთრებით, ეს ლომელის ლიეტუველ გოლკიპერ ტომას სვედკაუსკასზე ითქმის, რომელიც სერენის თავდამსხმელის შესაძლებლობებში სეზონის პირველივე მატჩში დარწმუნდა. მაშინ ლომელმა 3:5 წააგო, ჟორჟმა კი პოკერი შეასრულა და მას შემდეგ მისი ზარბაზანი არ გაჩერებულა. გასულ შეხვედრებში მიქაუტაძეს გოლი მხოლოდ ვესტერლოსთვის არ გაუტანია.

ლომელი – 4 გოლი, დეინცე – 1, ვესტერლო – 0, უნიონი – 1, ლიერსი – 3, ბრიუგე ჳჳ – 3, მოლენბეკი – 2.

მიქაუტაძეს ფრანგულ ლიგა 1-ში დებიუტი 2019 წლის 7 დეკემბერს ჰქონდა, როდესაც მეცის მაისურით ნიცასთან მატჩში 83-ე წუთზე გამოჩნდა. ამ ამბიდან მხოლოდ 3 დღე იყო გასული, როდესაც 19 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი ბელგიურ კლუბთან გააფორმა. უკვე ცხადია, იჯარა მაქსიმუმ ზაფხულამდე გაგრძელდება, რადგანაც შანსი, რომ ჟორჟი ბელგიის პირველ დივიზიონში მერეც დარჩეს, უმცირესია. მიქაუტაძეს ყოველ მატჩში საშუალოდ 2 გოლი გააქვს და მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ელიტარულ ლიგაში არ თამაშობს, მისი მაჩვენებელი ყურადღებას უდავოდ იმსახურებს – ის ხომ სახიფათო მომენტების 35%-ს გოლად აქცევს.

მიქაუტაძეს საოცარი ალღო გააჩნია და ფორვარდისთვის საჭირო თვისებები სხვაც ბევრი აქვს. ის არცთუ მაღალია (1.76 მ.) და წონასწორობას კარგად იცავს, ძალიან სწრაფია და ფეთქებადი. მისი ტექნიკური თვისებებიც მაღალ დონეზეა და დარტყმაც ძალიან ძლიერი აქვს. ნათელია, რომ ჟორჟს ბელგიური გრანდები უკვე აკვირდებიან და იგივე ბრიუგე და ანდერლეხტიც მოწადინებულები იქნებიან, უკვე ზამთარში ის თავის რიგებში იხილონ. სხვა საქმეა, რომ ის ჯერაც მეცის საკუთრებაა, ამდენად, მიქაუტაძის ლიგა 1-ში დაბრუნებაც არ უნდა იყოს გამორიცხული”.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სერენი ბელგიის პირველ დივიზიონს ერთპიროვნულად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 25 ოქტომბერს, შინ, ლომელთან ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყურადღებაც მიიპყრო და როგორც ათიოდ დღის წინ ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ნაკრებში თამაშთან დაკავშირებით, მასთან კონტაქტი უკვე შედგა.

📺 მიქაუტაძის დუბლი მოლენბეკთან

კომენტარები

ბოლო ამბები