Thumbnail

დიდია ალბათობა, რომ ევრო 2020-თან დაკავშირებით ცვლილებები მოხდეს და ტურნირი არა 12 ქვეყანაში ჩატარდეს, როგორც ეს დაგეგმილი გახლავთ, არამედ – ერთში. როგორც The Sun-მა დაწერა, უეფა სერიოზულად განიხილავს ევროპირველობა ერთი ქვეყნის ოთხ სტადიონზე ჩაატაროს. ამ შემთხვევაში გუნდებს ნაკლები მოგზაურობა მოუწევთ და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიც ნაკლები იქნება.

ამ დროისთვის ევრო 2020-ისთვის შერჩეული ქალაქების სია ასე გამოიყურება: სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი), ლონდონი (ინგლისი), მიუნხენი (გერმანია), ბაქო (აზერბაიჯანი), რომი (იტალია), ბუქარესტი (რუმინეთი), კოპენჰაგენი (დანია), ამსტერდამი (ნიდერლანდები), ბილბაო (ესპანეთი), გლაზგო (შოტლანდია), ბუდაპეშტი (უნგრეთი) და დუბლინი (ირლანდია). ბრიტანული გაზეთის ინფორმაციით, თუკი უეფამ მასპინძელი ქვეყნების შემცირება დაიწყო, პირველ რიგში, სიიდან სანკტ-პეტერბურგსა და ბაქოს ამოიღებს.

უეფას პრეზიდენტი ცვლილებებს არ გამორიცხავს

ის, რომ უეფაში სერიოზული ნაბიჯებისთვის მზად არიან, ორგანიზაციის პრეზიდენტის ალეკსანდერ ჩეფერინის განცხადებაშიც კარგად გამოჩნდა.

“მიმდინარე სიტუაციას მუდმივად ვაკვირდებით და ამ ეტაპზე გადაჭრით იმის თქმა შემიძლია, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. დღევანდელი მდგომარეობით, მისი ფორმატიც უცვლელი რჩება, თუმცა, ნამდვილად არის შანსი, რომ ტურნირი 12 ქვეყანაში ვერ გაიმართოს. შესაძლოა, მას თერთმეტმა, რვამ, ხუთმა ანაც მხოლოდ ერთმა ქვეყანამ უმასპინძლოს”.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატი გასულ ზაფხულს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, პანდემიის გამო, კალენდარი აირია და ახლა, შეჯიბრის გამართვა 2021 წლის ივნის-ივლისში იგეგმება, თუმცა, ტურნირის სახელწოდება ისევ ევრო 2020 იქნება.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპთან ძალიან ახლოსაა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიც, რომელიც 12 ნოემბერს, თბილისში, პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, ნანატრ საგზურს მოიპოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები