Thumbnail

რუსულმა Business-gazeta-მ ევრო 2020-ის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა და დაწერა, რომ ყაზანის რუბინმა ფინალურ ეტაპზე ქართველებისა და კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიას გასვლას უნდა უქომაგოს, რადგანაც ამ შემთხვევაში, დიდი ფინანსური სარგებელი ელის.

“საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან ერთად იმ გუნდებს შორისაა, რომელთაც ერთა ლიგის დაარსების დღიდან წაგება არ აქვთ. ქართველებს 10 მატჩში 6 მოგება და 4 ფრე უგროვდებათ. მათ ევრო 2020-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსს 1:0 სძლიეს და გადამწყვეტ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაში ელით. ეს შეხვედრა 12 ნოემბერს თბილისში ჩატარდება და თუკი საქართველომ მოიგო, ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში, ნიდერლანდებთან, უკრაინასთანა და ავსტრიასთან ერთად მოხვდება.

საქართველოს ნაკრებს უკვე მე-4 წელია ვლადიმირ ვაისის ავარჯიშებს, რომელსაც სლოვაკეთის ნაკრებში, ყაზახურ ქაირათსა და რუსულ სატურნშიც უმუშავია. სწორედ მის ხელში შედგა ეროვნულ ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი, გასულ წელს, გიბრალტართან მოგებულ (3:0) მატჩში. საინტერესოა, რომ ვაისის ხელში ხვიჩა მეტწილად მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად თამაშობს და არა – მარცხნივ, როგორც – რუბინში, თუმცა, სქემა ორივე შემთხვევაში ერთია: 4-2-3-1.

ხვიჩა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩშიც გამორჩეული იყო
📷 | სფფ

საქართველოში მარცხნივ დიდი კონკურენციაა და იქ 27 წლის ვალერი ყაზაიშვილი თამაშობს. ის ამერიკული MLS-ის წევრ სან ხოსეში ირიცხება. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქართველი ლეგიონერი, რომელსაც 6 სეზონი ჰოლანდიურ ვიტესში აქვს გატარებული. სწორედ ამიტომ ვაისი მარცხნივ უფრო გამოცდილი ფეხბურთელის დაყენებას ამჯობინებს. აი, კვარაცხელიას კი მარჯვნიდან ყაზანელთა მაისურითაც უთამაშია, ამდენად, ნაკრების მწვრთნელმა ხვიჩას თადარიგში დატოვებას, მისთვის ფლანგის შეცვლა ამჯობინა.

“კვარაცხელია მარცხნივ ნამდვილად სასარგებლოა, თუმცა, კლუბში მარჯვნივაც აყენებენ. მარცხნივ ჩვენ ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი და ჩაკვეტაძე გვყავს... ხვიჩას მარჯვენა ფლანგზე გადაყვანა? ის იქაც კარგად თამაშობს და ვფიქრობ, საერთო ჯამში, სლუცკისთან მუშაობას მისთვის სარგებლიანია”, - ნათქვამი აქვს სლოვაკ მწვრთნელს.

კვარაცხელიამ ეროვნულ გუნდში პირველი გოლი მას შემდეგ გაიტანა, რაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეცვლაზე სწორედ მარცხენა ფლანგზე შევიდა. რუსულ პრემიერლიგაში მის ასეთ შესვლებს მიჩვეულები არიან: ხვიჩა ფლანგზე გაიჭრა, მცველები მოატყუა და მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა. შესაძლოა, უკვე ამის მერე ვაისი მისთვის პოზიციის შეცვლაზე დაფიქრდება და უფრო კომფორტულ მარცხენა ფლანგზე დატოვებს. იქ მისთვის უფრო იოლია ბურთის სამუშაო მარჯვენა ფეხზე გადატანა და დარტყმა.

კვარაცხელიას ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლის გარდა, აქტივში საგოლე პასი (ესტონეთთან – 1:0) და მოპოვებული პენალტი (1:1 – ჩრდილოეთ მაკედონიასთან) აქვს. სტატისტიკური პორტალის Whoscored-ის მონაცემებით, ერთა ლიგის უკანასკნელ მატჩებში ხვიჩა საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშეა რეიტინგით 8.13. კვარაცხელიას საშუალოდ შეხვედრაში 5.3 წარმატებული დრიბლინგი აქვს, კარში 1.3-ჯერ ურტყამს და 1.3 საკვანძო პასს აკეთებს.

კავარცხელია რამდენიმე წუთის შესული იყო, რომ გაიტანა
📷 | სფფ

კონკრეტულად რუბინისთვის ხვიჩას ევრო 2020-ზე გამგზავრება დიდი საჩუქარი იქნება. სიტუაცია დაახლოებით ისეთია, როდესაც ირანელი სერდარ აზმუნი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა და მისი სარფიანად გაყიდვა მეტწილად ამაზე იყო დამოკიდებული. თუმცა, სხვაობა მაინც არის: ხვიჩა გაცილებით ახალგაზრდაა, მას მხოლოდ ახლა აკვირდებიან, ევრო 2020 კი ტოპ-კლუბების სკაუტებისა და მენეჯერებისთვის დაკვირვების დიდი არეალია.

შესაძლოა, კვარაცხელიამ გოლი ვერ გაიტანოს ან პენალტი ვერ მოიპოვოს, თუმცა, მაინც უდავოდ მიიპყრობს ევროპული კლუბების ინტერესს ასაკის, ევროპირველობის მონაწილე ნაკრების ძირითადი ფეხბურთელის სტატუსისა და თამაშის თამამი სტილის გამო. შესაძლოა, ნიდერლანდებთან მატჩში თავის გამოჩენა რთული იყოს, თუმცა, ავსტრიასთანა და უკრაინასთან ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლია.

ყაზანელებს ევროთასზე გასვლა გაუჭირდებათ, ევრო 2020-ზე ფეხბურთელების მივლინება კი, მათთვის მისწრება უნდა იყოს. ასეთ მოთამაშეებში, შესაძლოა, მხოლოდ ოთხნი მოვიაზროთ: ხორვატი ფილიპ ურემოვიჩი, შვედი კარლ სტარფელტი და ქართველები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი. ამ უკანასკნელს ეროვნულ ნაკრებში ასევე იძახებენ, თუმცა, ბოლო მატჩები კორონავირუსის გამო გამოტოვა.

ცხადია, რომ ყველაზე მეტი მოლოდინი მაინც ხვიჩას თამაშისგან იქნება. თუკი ის ფენომენალურ დრიბლინგს აჩვენებს და შეტევაში ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც ბოლო მატჩებში, რუბინს სერიოზული ტრანსფერის იმედი უნდა ჰქონდეს. დღეს, ქართველ ფეხბურთელის ფასი 5-10 მილიონი ევროა, მისი ნაკრების ევროპირველობაზე გასვლით კი, კვარაცხელიას გაცილებით ძვირი გახდება.

რუბინი ასეთ აქტივთან ვადაზე ადრე განშორებაზე ნამდვილად არ წავა. ევროპის ჩემპიონატი გაისად 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება და თუკი 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებმა ფინალური ეტაპის საგზური გაიფორმა, ცხადი გახდება, რომ იმ იმ დრომდე, რუბინი ქართველი ფეხბურთელის გაშვებაზე აღარც კი იფიქრებს”.

📺 ხვიჩა კვარაცხელიას გოლი მაკედონიის კარში

კომენტარები

ბოლო ამბები