Thumbnail
  • ანტუან გრიზმანმა ხორვატიასთან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა
  • თამაშის შემდეგ მან ბარსელონას მწვრთნელ რონალდ კუმანს შეუტია

ოთხშაბათს ანტუან გრიზმანი მხოლოდ ხორვატიის ნაკრებს არ უტევდა…

ერთა ლიგის მეოთხე ტურში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის კარში გატანილი გოლის გარდა, ბარსელონას ფორვარდმა იმითაც მიიქცია ყურადღება, რომ კატალონიური გრანდის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანის მიმართულებით რამდენიმე უსიამოვნო სიტყვა ისროლა. ოღონდ, სანამ კუმანს ვერბალურად შეუტევდა, ჯერ საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი შეაქო.

“მან იცის, რომელ პოზიციაზე უნდა დამაყენოს. მე მის ნდობას კარგად ვიყენებ,” - აღნიშნა ფრანგმა შემტევმა. ეს იყო კომპლიმენტი, რომელიც კუმანის კრიტიკაცაა. საქმე ისაა, რომ ნიდერლანდელი მას თავდასხმის ცენტრში არ ათამაშებს. გრიზმანი კი სწორედ ამ პოზიციაზე გრძნობს თავს ყველაზე კარგად. კუმანი გრიზმანს უფრო მარჯვნიდან ათამაშებს. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელმაც გააკრიტიკა ფრანგი.

“მას ორი მომენტი ჰქონდა და თუ მის დონეს გავითვალისწინებთ, უნდა გამოეყენებინა,” - თქვა კუმანმა სევილიასთან მატჩის (1:1) შემდეგ. 

ამაზე ბარსას თავკაცს დეშამის პასუხის მოსმენა მოუხდა. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა მართალია თქვა, რომ კლუბის საქმეში ჩარევას არ აპირებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც გააკეთა: “არ მესმის, რატომ არ თამაშობს გრიზმანი ცენტრალურ პოზიციაზე. იქ ანტუანი გაცილებით ეფექტიანია,” - თქვა დეშამმა.

ანტუანი საფრანგეთის ნაკრებში თავს გაცილებით კარგად გრძნობს და ეს ხორვატიის ნაკრების კარში გატანილი გოლის აღწერით დაამტკიცა: “ვეცადე, რომ ბურთისთვის ფეხი კარგად მომერტყა. ამ დარტყმაში ყველაფერი ჩავდე.”

კომენტარები

ბოლო ამბები