Thumbnail
  • 'შენს თავს რაღაც წესრიგში ვერაა. რა გაყვირებს? ნუ ცდილობ ჩემს გამოწვევას'
  • ბოლივია-არგენტინის დასრულების შემდეგ, მინდორზე დიდი აურზაური იყო

ესპანური ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ მონაწილეობა მიიღო კონფლიქტში, რომელიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის მერე წარმოიქმნა. შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ბოლივიაში 2:1 მოიგო, მესიმ კი რაღაც ვერ გაიყო მასპინძელთა ფიზიოთერაპევტ ლუკას ნავასთან. მათი საუბარი ვიდეოგამეორების შემდეგ გაშიფრეს.

“თავი დამანებე, მელოტო. შენს თავს რაღაც წესრიგში ვერაა. რა გაყვირებს? ნუ ცდილობ ჩემს გამოწვევას”, - ცხადია, ეს თარგმანი მცირედით შერბილებულია, რადგანაც ლეოს უფრო მკვახე გამონათქვამები ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩისშემდგომ გაწევ-გამოწევაში ორივე გუნდი ლამის სრული შემადგენლობით ჩაერთო და მსაჯს რამდენიმე ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. საბოლოოდ, სიტუაციის დარეგულირება მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი ბოლივიის დედაქალაქ ლა პასში, კერძოდ კი, 3 600 მეტრზე მდებარე სტადიონ Estadio Hernando Siles-ზე შედგა და მართალია, არგენტინელებმა პირველებმა გაუშვეს, საბოლოოდ, ლაუტარო მარტინესისა და ხოაკინ კორეას გოლების წყალობით, 2:1 იმარჯვეს. მესიმ სოციალურ ქსელში კომენტარი უშუალოდ შეხვედრაზეც გააკეთა:

“იმის გათვალისწინებით, რა პირობებში ვთამაშობდით, დიდებული შედეგია. ასეთ სიმაღლეზე სირბილი ყოველთვის რთულია. თუმცა, კვალიფიკაცია მხოლოდ ახლა დაიწყო და წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ტურნირის სტარტზე 2 მოგება კარგია. წინ, არგენტინა!”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობის საკვალიფიკაციო ციკლის სასტარტო მატჩში არგენტინელებმა ეკვადორს 1:0 სძლიეს და სატურნირო ცხრილს ბრაზილიასთან ერთად ლიდერობენ. მესისა და მის თანაგუნდელებს მომდევნო შეხვედრა 12 ნოემბერს, შინ, პარაგვაისთან ელით.

📺 ბოლივია 1:2 არგენტინა

კომენტარები

ბოლო ამბები