Thumbnail

ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძის სერენმა ბელგიის თასზე ქვედა ლიგის ბლანკენბერგი 6:1 გაანადგურა, თუმცა ქართული წარმოშობის 19 წლის ფრანგს ამ შეხვედრაში არ უთამაშია. ეს თასის კვალიფიკაციის ფინალი იყო და სერენი ძირითად ბადეში მოხვდა. 

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის სერენი 6 მატჩიდან 12 ქულით პროქსიმუს ლიგის ლიდერია, ხოლო თავად ფორვარდი 6 თამაშში 12 გოლით ლიგის ბომბარდირია. 18 ოქტომბერს სერენი მოლენბეკს ესტუმრება. 

ჟორჟი მეცის ფეხბურთელია, მან ლიგა 1-შიც მოასწრო დებიუტი

წარმატებული თამაშის შემდეგ მიქაუტაძე სულ უფრო ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. ახლახან მან Républicain Lorrain-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საკუთარ და კლუბის გეგმებზე ისაუბრა:

Républicain Lorrain: როგორ შეაფასებთ სეზონის სტარტს?

ჟორჟ მიქაუტაძე: სეზონის სტარტი ძალიან კარგია, როგორც კლუბისთვის, ისე ჩემთვის - 6 მატჩში 12 გოლი გავიტანე, ძალიან კარგი შედეგია. სერენი ლიგას ლიდერობს, მეტი რა უნდა იყოს, რომ სტარტი პოზიტიურად შევაფასო?

RL: ელოდით, რომ ასეთი პროდუქტიული იქნებოდით?

მიქაუტაძე: ალბათ, ასეთ დონეზე არა... არ ვიცი. ერთია, დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლები უნდა გამეტანა. ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვშრომობ საამისოდ. ბოლომდე ვიხარჯები ვარჯიშებზე. შრომა კი ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ახლა სწორედ ასე მოხდა.

RL: ფეხბურთელი, რომელსაც ამდენი გოლი გააქვს, თავის თავში დარწმუნებული უნდა იყოს...

მიქაუტაძე: არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. ვიცი, რომ თუ ვარჯიშებზე ყველაფერი კარგად მიდის, თამაშის დროსაც წარმატებული ვარ. პირველ ტურში ოთხი გოლი გავიტანე, ამან მომცა ჩემი ძალების რწმენა. შესაძლოა, ეს გადაედო მთელ გუნდსაც.

RL: როგორ წარიმართა თქვენი ინტეგრაცია კლუბში?

მიქაუტაძე: სერენს იოლად შევეწყვე. როცა მე და ჩემმა აგენტმა ფილიპ გაილომ პირველად ვილაპარაკეთ იჯარაზე, მალევე დადებითად განვეწყე ამ ვარიანტზე. დავინახე შანსი, რომ მექნებოდა ბევრი სათამაშო დრო თავის გამოსაჩენად. კლუბმა, მწვრთნელმა და სხვა ფეხბურთელებმა, ყველამ კარგად მიმიღო. ის, რომ გუნდში მეცის ბევრი ფეხბურთელია, დამატებითი ბონუსია. ასეთი სტარტის შემდეგ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, იმედია, ყველაფერი ასე გაგრძელდება.

RL: თქვენ გოლები გაგაქვთ, კლუბი ლიდერობს, შეიცვალა მიზნები?

მიქაუტაძე: დიახ, კლუბში ხანდახან ვლაპარაკობთ სატურნირო მდგომარეობაზე, მაგრამ ყველა მყარად ვართ მიწაზე და ვიცით, რომ რეალობას არ უნდა დავშორდეთ. კლუბის მიზანი, ისევ ძველია, პროქსიმუს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. თუმცა ჩვენი ამბიციები გაგვაჩნია და ეს ნორმალურია.

📺 ჟორჟ მიქაუტაძის ჰეთ თრიკი კლუბ ბრიუგესთან

RL: ყველაფერი კი მეცთან ამხანაგური თამაშით დაიწყო...

მიქაუტაძე: შესაძლოა, ასეც არის. ჩვენი დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად ვითამაშეთ. გამოვედი მეცის წინააღმდეგ და გავიტანე. მართალია, 1:4 წავაგეთ, მაგრამ შესაძლოა, ამ გოლმა ბევრი რამ შეცვალა ჩემში.

RL: რა არის თქვენი გოლების საიდუმლო?

მიქაუტაძე : ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო ყველა შანსი და იმდენი გოლი გავიტანო, რამდენის საშუალებასაც მეტოქე მომცემს, ანგარიშს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას.  მინდა შევინარჩუნო ეს სტაბილურობა. ჩემი გოლების საიდუმლო? ძალიან ბევრი შრომა". 

📺 ჟორჟ მიქაუტაძის 9 გოლი პირველ ხუთ მატჩში

შეგახსენებთ, რომ ჟორჟ მიქაუტაძე ლიგა 1-ის მეცის წევრია, სერენში კი იჯარით თამაშობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები