- ლანჩხუთელებმა ზარზმას 19:0 სძლიეს, 15-ჯერ კი მეტოქის კარი ხატია ჭყონიამ აიღო
- საინტერესოა, რომ ქალთა ლიგაში მსგავსი შედეგები არცთუ იშვიათად ფიქსირდება
იშვიათი ამბავი მოხდა საქართველოს ქალთა ლიგის მე-11 ტურში. ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა ლანჩხუთმა ზარზმას 19:0 სძლია, 15 გოლი კი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ხატია ჭყონიამ გაიტანა.
სხვა საქმეა, რომ ქალთა ლიგაში მსგავსი ანგარიშები საკმაოდ ხშირად ფიქსირდება, თუმცა, აქამდე ამ მხრივ თუშეთი და მცხეთა გამოირჩეოდნენ, რომელთაც 11-11 მატჩში, შესაბამისად, 124 და 108 გოლი აქვთ გაშვებული.
მაგალითად, მცხეთამ ბოლო შეხვედრები კვარტალთან - 0:13, მართვესთან - 1:17, გორი იუნაიტედთან - 0:12 და იმავე ლანჩხუთთანაც - 0:12 წააგო. მსგავსი შედეგები აქვს თუშეთსაც: ბათუმთან - 0:7, ნიკესთან - 0:16, მართვესთან - 1:20 და ლანჩხუთთან - 0:12.
ამ დროისთვის, ქალთა ლიგას მაქსიმალური შედეგით (11 მოგება) და ბურთების საოცარი შეფარდებით (85:4) ნიკე ლიდერობს, ხსენებულ ლანჩხუთს 29 ქულა აქვს, მე-3 ადგილზე კი მართვეა 27 ქულით. მომდევნო ტურის მატჩები 15 ოქტომბერს ჩატარდება.
კომენტარები