Thumbnail

230 ევრო თვეში - რობინიო სანტოსში სიმბოლურ ხელფასზე ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რობინიომ მშობლიურ სანტოსთან 5-თვიანი კონტრაქტი გააფორმა
  • 36 წლის ფორვარდს ბრაზილიურ კლუბში 253 მატჩი აქვს ჩატარებული

ბრაზილიელი ფეხბურთელი რობინიო სანტოსში დაბრუნდა. 36 წლის თავდამსხმელმა მშობლიურ გუნდთან, სადაც მისი კარიერა დაიწყო, 5-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ რობინიოს ხელფასი თვეში მხოლოდ 230 ევრო იქნება! ბრაზილიელმა სიმბოლურ ანაზღაურებაზე თანხმობა სანტოსის სიყვარულის გამო განაცხადა.

საინტერესოა, რომ რობინიო სანტოსში მეოთხედ ითამაშებს. 1996-2002 წლებში ის ამ გუნდის აკადემიაში გაიზარდა, შემდეგ კი 2002-2005, 2010 და 2014/15 წლებში მთავარი გუნდის ღირსებას იცავდა. სამხრეთამერიკელმა სანტოსში 253 თამაში ჩაატარა და 111 გოლის გატანა მოახერხა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ბოლოს თურქეთში, სტამბოლის ბაშაქშეჰირის შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო მანამდე სივასპორის, ჩინური გუანჯოუსა და ატლეტიკო მინეიროს წევრი იყო. რობინიოს კარიერაში გამორჩეული კლუბები მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი და მილანი იყვნენ. ბრაზილიის ნაკრებში მან 2003-2017 წლებში 100 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები