Thumbnail
  • ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა ევრო 2020-ზე ისაუბრა
  • სპეციალისტი ეჭვობს, რომ ტურნირის ჩატარებას ხელს კორონავირუსი ისევ შეუშლის
  • არადა, საქართველოს ნაკრებს ევროზე მოხვედრის ისტორიული შანსი აქვს 

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ევროპის ჩემპიონატი, რომელიც გასულ ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ ერთი წლით გადავადდა, კორონავირუსით დაავადების გახშირებული შემთხვევების გამო, შესაძლოა, სულაც არ ჩატარდეს. 

"დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ევრო მომავალ წელს გაიმართება. დაბეჯითებით ვერც იმას ვიტყვით, რომ ის იმავე ფორმატში ჩატარდება, როგორის მოლოდინიც გვაქვს. არის იმის ნიშნები, რომ გაზაფხულზე უფრო მეტი სიცხადე შევა საკითხში და იმედი მაქვს, ასეც მოხდება", - აქვეყნებს საუთგეიტის ნათქვამს ბრიტანული მედია. 

ინგლისელთა თავკაცს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება უჭირს

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომლის 60 წლის იუბილეს უეფა აღნიშნავს, 2020 წლის ზაფხულის ნაცვლად, 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ევროპის 12 ქალაქში ჩატარდება. თამაშების მიღებაზე თანხმობა უკვე ყველა მასპინძელმა განაცხადა: ლონდონმა, მიუნხენმა, ბაქომ, რომმა, სანკტ პეტერბურგმა, ბუქარესტმა, კოპენჰაგენმა, ამსტერდამმა, ბილბაომ, გლაზგომ, ბუდაპეშტმა და დუბლინმა.

ლონდონის სტადიონ "უემბლიზე" დაგეგმილია ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამი მატჩის ჩატარება, რომელშიც ინგლისის ნაკრები გამოდის. ამავე არენაზე უნდა გაიმართოს ტურნირის ⅛-ფინალური, ½-ფინალური და ფინალური შეხვედრები. 

ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი საქართველოსაც აქვს

📅  ევროპის ჩემპიონატის სრული კალენდარი იხილეთ აქ.

ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გასული 20 ნაკრების ვინაობაა ცნობილი. კიდევ 4 საგზურის მფლობელს პლეი ოფის ფინალური მატჩები გამოავლენს, რომელშიც 8 ნაკრები, მათ შორის საქართველო იბრძოლებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ნოემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას მიიღებს და წარმატების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები