Thumbnail

'რთული წლის შემდეგ ეს შვება იყო' - ლიონელ მესი ეკვადორთან გატანილ გოლზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინის ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევი ეკვადორთან მოგებით დაიწყო
  • შეხვედრის ერთადერთი გოლი არგენტინელთა კაპიტანმა პენალტით გაიტანა
  • თამაშის შემდეგ ბარსელონას ვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. "ალბისელესტემ" პირველი ტურის მატჩში ეკვადორს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე არგენტინელთა კაპიტანმა ლიონელ მესიმ პენალტით გაიტანა.

მთელი თამაშის განმავლობაში, ეკვადორელებმა მასპინძელთა კარის მიმართულებით სულ სამჯერ დაარტყეს და არცერთხელ კარის ჩარჩოში, ლიონელ სკალონის შეგირდების ანგარიშზე კი კარის მიმართულებით შესრულებული 8 დარტყმა იყო, აქედან 2 ჩარჩოში. 

ბარსელონას ვარსკვლავისთვის კი ეს ეროვნულ გუნდში გატანილი პირველი გოლია 2019 წლის ზაფხულის შემდეგ. ბოლოს ლეომ არგენტინის ნაკრების მაისურით კოპა ამერიკაზე გაიტანა.
 
მესიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა: 

"ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ. ახლა პროგრესზე უნდა ვიმუშაოთ. მნიშვნელოვანი იყო ტურნირის მოგებით დაწყება, რადგან ვიცით, რაოდენ რთულია შესარჩევი მატჩები. დიდი ხანია, არ გვითამაშია და ნერვიულობა მატჩზეც აისახა. 

ძალიან რთული წელიწადი გამოვიდა იმ ყველაფრის გამო, რაც გადავიტანეთ. ნაკრებში კიდევ ერთხელ თამაშისა და გულშემატკივრების გამარჯვებით გახარების შესაძლებლობა გარკვეულ შვებას გვანიჭებს. არგენტინელებო, გაძლიერებას გისურვებთ".

📺 არგენტინა V ეკვადორი

მომდევნო ტურში. 13 ოქტომბერს, არგენტინის ნაკრები სტუმრად ბოლივიას ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები