Thumbnail
  • პეტრა კვიტოვა 6:3, 6:3 ლაურა ზიგემუნდი
  • დანიელ კოლინსი 4:6, 6:4, 0:6 სოფია კენინი

საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ბადეში 4-ვე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საუკეთესო ოთხეულში პოლონელმა იგა შვიატეკმა და არგენტინელმა ნადია პოდოროსკამ გააღწიეს, დღეს კი, მათ რიგებს ჩეხი პეტრა კვიტოვა და ამერიკელი სოფია კენინი შეუერთდნენ.

კვიტოვამ მეოთხედფინალში გერმანელ ლაურა ზიგემუნდს 6:3, 6:3 სძლია და როლან გაროსის ნახევარფინალში კარიერაში მეორედ გააღწია (პირველად 2012 წელს), დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში კი უკვე მეშვიდედ ითამაშებს. პეტრას ფინალებში 3-ჯერ გაუღწევია: უიმბლდონზე 2011 და 2014 წლებში (ორჯერვე მოიგო) და ავსტრალიის ღია პირველობაზე 2019-ში (მარცხი განიცადა). დღევანდელი წარმატების წყალობით, კვიტოვამ WTA-ს რეიტინგში მე-8 ადგილზე გადასვლა გაინაღდა.

საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ჩეხი ჩოგბურთელის მეტოქე სოფია კენინი იქნება, რომელმაც თანამემამულე დანიელ კოლინსს 6:4, 4:6, 6:0 სძლია და კლასიფიკაციის TOP-5-ში დაბრუნება გარანტირებული აქვს. საინტერესოა, რომ სოფია დანიელას კარიერაში მეოთხედ გაეჯიბრა და სეტის აღებაც კი პირველად მოახერხა. კენინმა როლან გაროსის ნახევარფინალურ ეტაპზე პირველად გააღწია, დიდი სლემების ტურნირების საუკეთესო ოთხეულში კი მეორედ მოხვდა. პირველად ეს წლევანდელ ავსტრალიის ღია პირველობაზე მოხდა, სანამ სოფიამ გამარჯვებაც იზეიმა.

როლან გაროსის ქალთა ბადეში ფინალისტების ვინაობა 8 ოქტომბერს გაირკვევა. პირველები კორტზე შვიატეკი და პოდოროსკა გავლენ, შემდეგ კი, კენინი და კვიტოვა ითამაშებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები