Thumbnail

45 წლის მეკარით საფრანგეთთან? უკრაინამ განაცხადში მწვრთნელის თანაშემწე შეიყვანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალეკსანდრ შოვკოვსკიმ პროფესიული კარიერა 4 წლის წინ დაასრულა
  • უკრაინელებს ვირუსის გამო, მხოლოდ 1 ჯანმრთელი მეკარე შერჩათ

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა საფრანგეთთან მოახლოებული ამხანაგური მატჩის განაცხადში 45 წლის მეკარე ალეკსანდრ შოვკოვსკი შეიყვანა, რაც გამოუვალი მდგომარეობითაა გამოწვეული.

მატჩი დღეს თბილისის დროით 23:10 საათზე პარიზულ სტად ფრანსეზე დაიწყება, უკრაინელები კი რთულ ვითარებაში კორონავირუსის პანდემიის გამო აღმოჩნდნენ. საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ COVID 19 დაუდასტურდათ ანდრეი ლუნინსა და იური პანკივს, შედეგად, უკრაინის ნაკრებს ერთადერთი ჯანმრთელი გოლკიპერი გეორგი ბუშანი შერჩა. ამის გამო, უკრაინელებმა განაცხადში სასწრაფო წესით შეიყვანეს კიევის დინამოს ყოფილი მეკარე შოვკოვსკი, რომელიც ახლა ეროვნული გუნდის თავკაცის ანდრეი შევჩენკოს ერთ-ერთი თანაშემწეა.

ცნობისთვის, ალეკსანდრ შოვკოვსკიმ პროფესიული კარიერა 2016 წლის დეკემბერში დაასრულა, უკრაინის ნაკრებში კი, სადაც მას 92 მატჩი უგროვდება, ბოლო თამაში 2012 წელს ჩაატარა.

მცირე ხნით ადრე, ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა დონეცკის შახტარის რიგებშიც, რის გამოც უკრაინის ნაკრების მიღმა დარჩნენ ამ გუნდის ფეხბურთელებიც: ტარას სტეპანენკო, ანდრეი პიატოვი, ნიკოლაი მატვიენკო, ვიკტორ კოვალენკო, მარლოსი და ჟუნიორ მორაეში.

კომენტარები

ბოლო ამბები