Thumbnail
  • 29 წლის ქართველი მორაგბე ფრანგულ კლუბს 3-თვიან კონტრაქტზე შეუთანხმდა
  • ბაიონამ მიანიშნა, რომ კონსტანტინე მიქაუტაძე, შესაძლოა, სეზონის ბოლომდეც დაიტოვოს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე კარიერას ისევ TOP 14-ში განაგრძობს. ფრანგული პრესის ცნობით, 29 წლის ქართველი მორაგბის მომავალი კლუბი ბაიონა იქნება.

შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმის გამო, კოტეს ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა და დამშვიდობება მოუხდა მონპელიესთან, სადაც ის 2016 წლის შემდეგ თამაშობდა (მანამდე, აჟენსა და ტულონში ირიცხებოდა). ქართველი ლეგიონერი ბოლო პერიოდში უგუნდოდ იყო, ახლა კი, მისი “სამედიცინო ჯოკრის” სტატუსით აყვანა ბაიონამ გადაწყვიტა, რომელსაც პრობლემა ასიერ უსარაგას ტრავმის შემდეგ შეექმნა.

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე ჯერაც რეაბილიტაციას გადის და სრულ მზადყოფნაში თვის ბოლოსკენ იქნება, თუმცა, ფრანგული კლუბი მისი სამედიცინო გამოკვლევით კმაყოფილი დარჩა და ქართველ ლეგიონერს კონტრაქტი ახლავე გაუფორმა. ამ ხელშეკრულების თანახმად, კონსტანტინე ბასკურ კლუბში 3 თვეს გაატარებს, თუმცა, ბაიონელებმა უკვე მიანიშნეს, რომ თუკი ის თავს გამოიჩენს, სეზონის ბოლომდეც დაიტოვებენ.

TOP 14-ის მიმდინარე სეზონში ბაიონას 3 ტურის თავზე 2 მოგება აქვს და მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს. მიქაუტაძის ახალ კლუბს მომდევნო შეხვედრა 9 ოქტომბერს, შინ, ლა როშელთან ელის. შეგახსენებთ, რომ თავად კოტე ამ დროისთვის “ბორჯღალოსანთა” რიგებშია გამოძახებული და შოტლანდიასთან (23 ოქტომბერი) და რუსეთთან (1 ნოემბერი) მატჩებისთვის ემზადება. მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს და 64 მატჩში 2 ლელო აქვს დადებული.

კომენტარები

ბოლო ამბები