Thumbnail

ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ბრწყინვალედ თამაშობს 19 წლის ჟორჟ მიქაუტაძე - ქართული წარმოშობის ფრანგი ფორვარდი, რომელიც ლიონის აღზრდილია და ლიგა 1-ის კლუბ მეცს ეკუთვნის, პროქსიმუს ლიგის სერენში კი იჯარის წესით თამაშობს. საოცარია, მაგრამ ფაქტია - მას 6 თამაშში 12 გოლი დაუგროვდა - აქედან ერთხელ (პირველივე ტურში) ჟორჟმა პოკერი შეასრულა, ორჯერ კი - ჰეთ თრიკი. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ლიგის დებიუტანტი სერენი ჩემპიონატის ლიდერია და ბელგიურ ელიტაში გადასვლაზე აცხადებს პრეტენზიას. 

სეზონის მე-3 ჰეთ თრიკი, ამჯერად, კლუბ ბრიუგეს (U23 ბრიუგე) კარში
ბოლო ჰეთ თრიკის ნადავლი

იმ მწვავე კრიზისის დროს, რაც ქართული ფეხბურთის რეალობაში თავდამსხმელების პოზიციაზეა, მიქაუტაძის დამატება ნამდვილი შვება იქნებოდა. თავად ფეხბურთელს ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია, თუმცა ბელგიურ მედიაში უკვე დაიწერა, რომ შესაძლოა, ჟორჟმა მაინც საქართველოს ნაკრები აირჩიოს. 

ამას წინათ, სერენის თავკაცმა ფერერამ მიქაუტაძე თამაშის სტილით ფრანგ ვარსკვლავ ჟან-პიერ პაპენს შეადარა, რომელიც გასული საუკუნის ბოლოს ბრწყინავდა. 

ახალგაზრდა ფორვარდი მართლაც მუდამ კარზეა დაგეშილი, გოლები კი ნებისმიერი სიტუაციიდან გააქვს - საჯარიმო დარტყმით, დრიბლინგით, დამატებაზე სისწრაფის ხარჯზე, კონტრშეტევებზე... ჟორჟი ორივე ფეხს თანაბრად ხმარობს. მოკლედ, საქართველოს ნაკრებისთვის საინტერესო ვარიანტია. ფეხბურთელი ვერცხლისწყალივით მოძრავია და მუდამ ენერგიულია, მას გამოარჩევს სისწრაფე და საკმაოდ კარგი ტექნიკაც. 

📺 ჟორჟ მიქაუტაძის ჰეთ თრიკი კლუბ ბრიუგესთან

"ბედნიერი ვიქნებით, თუ რამით მაინც ვგავარ", - ეს მიქაუტაძემ "ოქროს ბურთის" მფლობელ პაპენთან მიმართებაში თქვა, თუმცა გოლებს სულ სხვა ვარსკვლავის სტილში აღნიშნავს, ამას ისე აკეთებს, როგორც "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელი კრიშტიანო რონალდო.

📺 ჟორჟ მიქაუტაძის 9 გოლი პირველ ხუთ მატჩში

ვფიქრობთ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე გავა (რასთანაც ისე ახლოსაა, როგორც არასდროს), ვლადიმირ ვაისის გუნდის მაისურის მორგება ჟორჟისთვისაც გაცილებით საინტერესო იქნება. ალბათ იმის თქმა ზედმეტია, რომ სფფ-სთვის ნიჭიერი ქართველი ფორვარდის დაბევება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს.  

სეზონის ფანტასტიკური სტარტი უკვალოდ არ გამქრალა, ჟორჟ მიქაუტაძე მხოლოდ საქართველოში არ მოექცა ყურადღების ცენტრში, ბელგიაშიც პოპულარულია. ჩვენ მხოლოდ ბოლო საათის ფრაზები შევკრიბეთ "ტვიტერიდან": "დიდი ალბათობით, ის მალე დაუბრუნდება ლიგა 1-ს, თუ მანამდე მეცზე უფრო დიდი კლუბი არ წაიყვანს"; "პროქსიმუს ლიგის მცველები მეცოდება, მიქაუტაძე ნამდვილი მონსტრია"; "ანდერლეხტში გვყავს გამბიელი მცველი, რომლის ფასიც 8 მილიონი ევროა, სიამოვნებით გავუცვლიდით მეცს მიქაუტაძეში"; "უკვე 20 წუთი გავიდა და მიქაუტაძეს გოლი არ გაუტანია, ნეტა, რაშია საქმე"; "მეცმა აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს მიქაუტაძე, ის შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ, რაც უმუთზე დაგვემართა. მართალია, ლიგა სუსტია, მაგრამ გოლების რაოდენობა ბევრზე მეტყველებს. ჟორჟი დაბრუნდება და მეცის ლიდერი გახდება"; "ეს ტემპი თუ შეინარჩუნა, სეზონის ბოლოს 56 გოლი ექნება"; "მას უკვე მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე რომელიმე სხვა კლუბს ლიგაში" - წერენ ფანები.  

voetbalnieuws.be წერს, რომ მას ბოლო დროს გენტის სკაუტი აკვირდება. ზაფხულში ჟორჟმა გენტსაც გაუტანა - ამხანაგურ მატჩში. 

კომენტარები

ბოლო ამბები