Thumbnail

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტური თელავისა და დინამო ბათუმის დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა დაძაბულიც გამოდგა, საინტერესოც და კარგი სანახავიც. გია გეგუჩაძის გუნდმა თელავი სტუმრად 3:1 დაამარცხა და ჩემპიონატში გალიდერდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, თელავში გამართული მატჩი ჯაბა ჯიღაურმა, გია გეგუჩაძის ასისტენტმა დავით ჯანელიძემ და თელაველთა მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ შეაფასეს:

ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი): "უპირველეს ყოვლისა, მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და ბრძოლისთვის. ვფიქრობ, რომ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. თამაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოგვიწია. თელავი კარგი გუნდია, მით უმეტეს, შინ აგრესიულად, "ახლოდან" თამაშობს. მიხარია, რომ ჩემი გოლით გამარჯვებაში მცირე წვლილი შევიტანე.

საქართველოსა და ბელარუსის მატჩი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ყველა ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რათა ფინალურ ეტაპზე გავიდეთ".

ჯაბა ჯიღაური თელავის კარში გატანილ გოლს აღნიშნავს

დავით ჯანელიძე (მწვრთნელის ასისტენტი - დინამო ბათუმი): "საკმაოდ კარგ გუნდს ვეთამაშეთ. მართლა რთული შეხვედრა იყო. უნდა აღვნიშნო, რომ თელავს კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს და ის ბრძოლისუნარიანი გუნდია. ჩვენს ფეხბურთელებს მადლობა მინდა გადავუხადო, რომლებმაც ამინდისა და მოედნის მიუხედავად, კარგად ითამაშეს და მატჩი მოიგეს. კმაყოფილები ვართ შედეგით, ეს მოგება ჩვენთვის აუცილებელი იყო და მიხარია, რომ წარმატებას მივაღწიეთ".

რევაზ გოცირიძე (თელავის მთავარი მწვრთნელი): "საწყის წუთებში ჩვენ გვქონდა უპირატესობა და მერე ბათუმელებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს ჩვენს კართან. მეორე ტაიმში გოლიც გავიტანეთ, თუმცა რიგ მომენტებში კონცენტრაცია დავკარგეთ და 3 გოლი გავუშვით. ვულოცავ დინამო ბათუმს ამ გამარჯვებას, რადგანაც დღეს მათ კარგად ითამაშეს და ისინი უფრო იმსახურებდნენ მოგებას".

მატჩის მიმოხილვა 

კომენტარები

ბოლო ამბები