Thumbnail

გია ცეცაძეს კორონავირუსი აქვს - ლვოვს სეზონის სტარტი კატასტროფული გამოუვიდა

  • ზორიასთან მატჩის წინ ლვოვის მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა
  • გია ცეცაძის გუნდს უკრაინის ჩემპიონატში სტარტი კატასტროფული გამოუვიდა
  • ლვოვის კლუბის გენერალური დირექორი გიას გაშვების შესახებ ხმებს უარყოფს 

ლვოვის მთავარ მწვრთნელს გიორგი ცეცაძეს კორონავირუსი აქვს. ამ მიზეზით 46 წლის ქართველმა სპეციალისტმა გუნდს უკრაინის პრემიერლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში ვერ უხელმძღვანელა. 

ლვოვმა, რომელიც მოედანზე ცეცაძის ასისტენტებმა გაიყვანეს, საკუთარ მოედანზე ზორიასთან ანგარიშით 0:5 წააგო. ქართველი სპეციალისტის გუნდს ჩემპიონატის სტარტი კატასტროფული გამოუვიდა - სამივე მატჩი წააგო, გაუშვა 12 გოლი და გაიტანა მხოლოდ 1 და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. 

ზორიასთან მატჩის შემდეგ, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლვოვის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გია ცეცაძის გაშვება გადაწყვიტა, თუმცა მოგვიანებით კლუბის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პანკივმა ეს ხმები უარყო. 

"ცეცაძე რჩება გუნდში. და სად წავა წყალქვეშა ნავიდან? რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა და ამას კარგი გაგებით ვამბობ", - ციტირებს პანკივს უკრაინული მედია.

ქართველი სპეციალისტის გარეშე ლვოვმა შინ ხუთი უპასუხო გოლი გაუშვა

ლვოვში კორონავირუსის ინფექციამ აგვისტოს ბოლოს იფეთქა და მაშინ გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი და პერსონალი დაინფიცირდა. ამის გამო ლვოველებს ჩემპიონატის სასტარტო ტურის შეხვედრის გადატანა მოუხდათ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების, გორის დილას, სამტრედიისა და საბურთალოს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლვოვში 2019/20 წლების სეზონის მიწურულს, ივნისის ბოლოს დაინიშნა. ცეცაძის გუნდს მომავალი მატჩი უკრაინის თასის 1/16-ფინალში ვორსკლასთან უწევს (30 სექტემბერს), ჩემპიონატის მომდევნო ტურში კი სტუმრად რუხს დაუპირისპირდება (3 ოქტომბერს).

კომენტარები

ბოლო ამბები