Thumbnail
  • ბექა ბურჯანაძემ სარაგოსასთან მატჩში 11 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა
  • თად მაკფადენმა 22 ქულა ჩააგდო და სან პაბლო ბურგოსს მოაგებინა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის ჩემპიონატში ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა, გრან კანარია სარაგოსასთან საგარეო მარცხისგან (71:88) ვერ იხსნა. საინტერესოა, რომ კანარელებმა პირველი ტაიმი 9 ქულის სხვაობით მოიგეს, მეორეში კი 28:54 განადგურდნენ.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:38 წუთში 11 ქულა და 11 მოხსნა (4 შეტევაში) მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ. შედეგად, ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შესაბამისად, MVPს ტიტული ჩვენებურს ერგო.

გრან კანარიას სამ ტურში ერთადერთი მოგება შერჩა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 4 ოქტომბერს მადრიდის რეალთან ჩაატარებს.

თად მაკფადენმა 22 ქულა მოაგროვა

ლიგა ენდესაში მე-2 გამარჯვება იზეიმა სან პაბლო ბურგოსმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს. ბურგოსელებმა სტუმრად გიპუზკოა ბასკეტს 90:77 სძლიეს, მატჩის გმირი კი სწორედ მაკფადენი გახდა, რომელმაც 29:55 წუთში 22 ქულა (მათ შორის 6 სამქულიანი) ჩააგდო. სან პაბლო ბურგოსი მე-6 პოზიციაზეა, 8 ოქტომბერს კი ხსენებულ სარაგოსას გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები