Thumbnail
  • 📅 24 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ბაიერნი V სევილია | 📺 SILK სპორტი HD1
  • გუნდებს უეფას სუპერთასი თითოჯერ აქვთ მოპოვებული
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

უეფას სუპერთასის გამარჯვებულის ვინაობა ამჯერად უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაირკვევა, სადაც პუშკაშ არენაზე ერთმანეთს ბაიერნი და სევილია დაუპირისპირდებიან. ფავორიტის გამოცნობა რთული საქმე ნამდვილად არაა: მიუნხენელებმა გასულ სეზონში ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავთ სევილიაზე, რომელმაც ევროპალიგაში კი იმარჯვა, თუმცა, ლა ლიგაში მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ქვეყნის თასს მერვედფინალში გამოეთიშა. თუკი სტატისტიკას თვალს გადავავლებთ, ნათელი ხდება, რომ მომავალი მატჩი უხვგოლიანი უნდა იყოს.

ბაიერნს სუპერთასი 2013 წელს ლონდონის ჩელსისთან მატჩში აქვს მოპოვებული, კიდევ სამ შემთხვევაში კი, მინდორს დამარცხებული ტოვებდა (ლივერპულთან, ანდერლეხტთანა და კიევის დინამოსთან). ტიტული ასევე ერთხელ აქვს დასაკუთრებული სევილიას (გამარჯვება ბარსელონასთან 2006 წელს). ანდალუზიელებს სუპერთასის მოპოვების შანსი კიდევ 4-ჯერ ჰქონდათ, თუმცა, 2-ჯერ რეალს, თითოჯერ კი იმავე ბარსელონასა და მილანს ვერ გაუმკლავდნენ.

ბაიერნსა და სევილიას გზები მხოლოდ ერთხელ – 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გამოიკვეთა. იმ დროისთვის, გერმანულ კლუბებს სევილია სტუმრად არასდროს დაემარცხებინათ და როდესაც პაბლო სარაბიამ ბავარიელთა კარი დალაშქრა, თითქოს სერია უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, ასე არ მოხდა. თავის კარში გოლი ხესუს ნავასმა გაიტანა, სტუმრებს გამარჯვება კი ტიაგო ალკანტარამ მოუტანა. მიუნხენში განმეორებითი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა და ნახევარფინალში გერმანული გრანდი გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ტრიუმფიდან მხოლოდ 25 დღე იყო გასული, როდესაც მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის ახალ სეზონში ჩაება და გელზენკირხენის შალკე 8:0 გაანადგურა. სერჟ გნაბრიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ლეროინ სანემ კი სადებიუტო მატჩშივე დუბლი მიითვალა. ამ დროისთვის, ბავარიელთა წარმატებული სერია უკვე 22 მატჩს ითვლის. სევილიას უკვე 21 თამაშია არ წაუგია, თუმცა, ანდალუზიელთათვის 2020-21 წლების სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ესპანურ კლუბებს, რომლებიც ზაფხულში ევროტურნირებს დიდხანს შემორჩნენ, ახალი კამპანიისთვისთვის მოსამზადებლად დამატებითი დრო მიეცათ.

ხულიენ ლოპეტეგის სევილია ბუდაპეშტის სტადიონზე ვარჯიშისას

მცირე ტრავმები მოიშუშეს და სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნებიან ბაიერნის მცველები დავიდ ალაბა და ალფონსო დევისი. სამაგიეროდ, გუნდს ვერ დაეხმარება კინგსლი კომანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ასევე გუნდის ახალწვეული ტანგუი ნიანზუ. 18 წლის ფრანგი მცველი, რომელიც აქამდე პსჟ-ში ირიცხებოდა, დაშავებულია.

ჯერაც გაურკვეველია როგორ ფორმაში იმყოფება სევილია, რომელმაც გასული სეზონის შემდეგ 2 წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა. ევერ ბანეგა საუდის არაბეთის წარმომადგენელ ალ-შაბაბში გადაბარგდა, მადრიდის რეალიდან წამოყვანილ სერხიო რეგილონს კი იჯარის ვადა გაუვიდა და ის, უკვე ლონდონური ტოტენჰემის წევრია.

ანდალუზიურმა კლუბმა სოლიდური შევსებაც მიიღო ივან რაკიტიჩის (ბარსელონა), მარკოს აკუნიასა (სპორტინგი) და ოსკარ როდრიგესის (რეალი) სახით. მოსალოდნელია, რომ რაკიტიჩი უკვე სასტარტო შემადგენლობაში იქნება, როდრიგესს კი ჯერ ცოტას მოიცდის. მარცხენა ფლანგზე სერხიო ესკუდეროსთან კონკურენციის დაძლევა მოუწევს აკუნიას. დაცვის ცენტრალურ ზონაში ისევ ვიხილავთ 21 წლის ფრანგ ლეგიონერ ჟულ კუნდეს, რომლის მიმართაც დიდ ინტერესს ინგლისური მანჩესტერ სიტი გამოხატავს.

ჰანსი ფლიკი

ჰანსი ფლიკი (ბაიერნის მწვრთნელი): “სევილიამ ევროპის ლიგა დამსახურებლად მოიგო. ეს ძლიერი გუნდია, რომელიც ტაქტიკურად კარგად არის მომზადებული, მათი მწვრთნელი კი თავის სამუშაოს ჩინებულად ასრულებს. თამაში დინამიური და დაძაბული იქნება. ორივე გუნდს ბევრი რამ შეუძლია, ამდენად, ტოპ-მატჩს უნდა ველოდეთ. ჩვენ თამაშს ძალიან სერიოზულად ვუდგებით და ვფიქრობთ, 100%-ით მზად ვართ. მოგება ძალიან გვინდა. ეს ფინალია, ფინალები კი ყოველთვის განსაკუთრებულია”.

ხულიენ ლოპეტეგი (სევილიას მწვრთნელი): “ბაიერნის მწვრთნელი მხოლოდ დადებით შეფასებებს იმსახურებს. მოკლე დროში მან გუნდის თამაში და შედეგები შეცვალა და ბაიერნს თავისი სახე დაუბრუნა. დამერწმუნეთ, ასეთი რამის გაკეთება ძალიან რთულია. მიუნხენელებმა ძალიან კარგად იციან წარმატებას როგორ მიაღწიონ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს წინააღმდეგ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ითამაშებს, თუმცა, ჩვენ მინდორზე მხოლოდ მოვალეობის მოსახდელად არ გავალთ”.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნს ყველა ტურნირზე ერთად აღებული ზედიზედ 22 მოგება აქვს.

⚽ მიუნხენელებს 2020 წელს ყველა შეჯიბრში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 30 მოგება უგროვდებათ.

⚽ მიუნხენელებს ყველა შეჯიბრზე ერთად გამართული უკანასკნელი 8 მატჩიდან 7-ში მინიმუმ 3 გოლი აქვთ გატანილი.

⚽ ბაიერნს ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 5 მატჩიდან 4 მინიმუმ სამბურთიანი უპირატესობით აქვს მოგებული.

⚽ ბოლო მატჩი, როდესაც ბაიერნმა გოლი ვერ გაიტანა, 9 თებერვალს გაიმართა (ლაიპციგთან). მას მერე მიუნხენელებს ზედიზედ 23 თამაშია (ყველა ტურნირზე) გააქვთ.

⚽ სევილიას ყველა შეჯიბრზე ერთად უკვე 21 მატჩია არ წაუგია.

⚽ ესპანურ კლუბს ყველა ტურნირზე ჩატარებული უკანასკნელი 10 მატჩიდან 9 აქვს მოგებული.

⚽ სევილიას ყველა შეჯიბრზე გამართული ბოლო 10 მატჩიდან 7-ში გოლი არ გაუშვია.

⚽ სევილიას მონაწილეობით სუპერთასზე გამართული ბოლო 4 მატჩიდან სამში 3.5-ზე მეტი გოლი გადიოდა.

⚽ სევილიას მონაწილეობით სუპერთასზე ჩატარებულ უკანასკნელ 2 თამაშში 12 გოლი გავიდა.

⚽ სევილიას ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან 13-ში მინიმუმ 1 გოლი აქვს გატანილი.

⚽ ბაიერნი და სევილია სუპერთასზე ჯამში მეცხრედ ითამაშებენ, თუმცა, მათ აქტივში მხოლოდ თითო-თითო მოგებაა.

⚽ სევილიამ ყველა ტურნირზე უკანასკნელი 7 მატჩიდან 6 ერთბურთიანი სხვაობით მოიგო.

⚽ სერჟ გნაბრის ბაიერნის ბოლო 4 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, აქედან 4 – პირველ ტაიმებში.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – დევისი, ალაბა, ერნანდესი, ბოატენგი – გორეცკა, კიმიხი – გნაბრი, მიულერი, სანე – ლევანდოვსკი.

სევილია (4-3-3): ბუნუ – ნავასი, კუნდე, კარლოსი, ესკუდერო – ხორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი – სუსო, ენ-ნესირი, ოკამპოსი.

კომენტარები

ბოლო ამბები