Thumbnail
  • გარი ნევილმა მანჩესტერ იუნაიტედის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა
  • მანჩესტერელთა ყოფილი კაპიტანი გუნდისგან ტიტულს ჯერ არ ელის 

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა, ინგლისის პრემიერლიგაში "წითელი ეშმაკების" საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა. 45 წლის ინგლისელი, რომელიც თავის დროზე მანჩესტერელთა კაპიტანიც იყო, მიიჩნევს, რომ ახლო მომავალში ოლე გუნარ სულშერის გუნდისგან ტიტულის მოგება მოსალოდნელი არ არის.  

გარი ნევილი მანჩესტერ იუნაიტედის ჩემპიონობის მოლოდინშია

"ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ - მანჩესტერ იუნაიტედი კიდევ გახდება ჩემპიონი. შესაძლოა ეს არ მოხდეს ამ ან მომდევნო სეზონში, მაგრამ როცა მოხდება, მაგარი იქნება. რაც უფრო ჭიანურდება მოლოდინი, მით უფრო ძლიერია ტრიუმფით გამოწვეული შეგრძნებები.

არ ვსაუბრობ, როგორც იუნაიტედის ფანი და არ ვამბობ, რომ ჩემპიონატი აუცილებლად ამ სეზონში უნდა მოვიგოთ. დიახ, ამას ვისურვებდი, მაგრამ როგორც წესი, გრძნობ, როდესაც ამის დრო დგება, ახლა კი ასეთი შეგრძნება არ არსებობს. 

შესაძლოა, იუნაიტედი ჩემპიონი მაშინ გახდეს, როდესაც ლივერპულიდან და სიტიდან კლოპი და გვარდიოლა წავლენ. იმედია, ეს რამდენიმე წელიწადში მოხდება. ეს შანსი იქნება, რადგან ისინი დიდი მწვრთნელები არიან, რომლებმაც ბრწყინვალე გუნდები შექმნეს. მაგრამ ისინი წავლენ ერთ, ორ ან სამ წელიწადში. და ეს იქნება მომენტი, როდესაც იუნაიტედი დაბრუნებას შეძლებს. დარწმუნებული ვარ, ჩელსიშიც ასევე ფიქრობენ", - ამბობს ბრიტანულ მედიასთან ნევილი.

პრემიერლიგას ბოლო სამი სეზონია კლოპი და გვარდიოლა იგებენ

გარი ნევილი  მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას 1992-2011 წლებში იცავდა და კლუბთან ერთად 8-ჯერ ინგლისის პრემიერლიგის, ხოლო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ყოფილ მცველს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 85 მატჩი აქვს ჩატარებული.

მანჩესტერ იუნაიტედს 2020/21 წლების პრემიერლიგის 1-ელ ტურში, 12 სექტემბერს, სტუმრად ბარნლისთან უნდა ეთამაშა, მაგრამ მატჩი გადავადებულია. ოლე გუნარ სულშერის გუნდი ჩემპიონატს მე-2 ტურში, კრისტალ პალასთან შეხვედრით დაიწებს, რომელსაც შინ 19 სექტემბერს ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები