Thumbnail

ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და მოედანზე დაბრუნდა. 24 წლის ფეხბურთელმა შტურმისა და კაპფენბერგის ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისმა გუნდმა 5:0 მოიგო. კიტეიშვილი ძირითადი შემადგენლობაში იყო და შესვენებაზე შეცვალეს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ავსტრიული მედია წერდა, ოფიციალური ცნობა კი შტურმისგან არ გავრცელებულა.

გრაცელებმა მხოლოდ ის დაადასტურეს (16 დღის წინ), რომ ერთ-ერთი ფეხბურთელი ინფიცირებული იყო. მას შემდეგ კიტეიშვილი შტურმის შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა. ოთარი ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ერთა ლიგის მატჩებისთვისაც გამოიძახა, თუმცა მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ შეკრებაზე ვერ ჩამოვიდოდა - ოფიციალურ მიზეზად ტრავმა დასახელდა.

ავსტრიის ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონი მომდევნო უიქ-ენდზე დაიწყება. შტურმი პირველი ტურის მატჩს 13 სექტემბერს, სტუმრად პიოლტენთან გამართავს. ცნობისთვის, კიტეიშვილი გრაცელთა ღირსებას 2018 წლიდან იცავს (69 თამაში, 11 გოლი) და რამდენიმე დღის წინ გუნდის ვიცე-კაპიტნად აირჩიეს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები