Thumbnail

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: ალბანეთი და საქართველო თითქმის ერთი დონეა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევრო 2020-ის შესარჩევ პლეი ოფში ჩვენმა მეტოქემ ერთა ლიგა მარცხით დაიწყო
  • შინ ალბანეთთან წაგების შემდეგ, ბელარუსის ნაკრების თავკაცმა მატჩი შეაფასა
  • მიხაილ მარხელის აზრით, ალბანეთი და საქართველო ერთი დონის გუნდებია 

ევრო 2020-ის შესარჩევ პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელარუსმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო. მიხაილ მარხელის გუნდმა ერთა ლიგის C დივიზიონის სასტარტო ტურში ალბანეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. 

მატჩის შემდეგ ბელარუსთა თავკაცმა გუნდის გამოსვლა შეაფასა და ალბანეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს შეადარა.

"რა თქმა უნდა, პირველი მატჩი შედეგის თვალსაზრისით არ გამოგვივიდა. უსიამოვნოა, როცა წაგებით იწყებ, თუმცა არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ შეტევაში საერთოდ ვერ ვითამაშეთ. ორი განსხვავებული ტაიმი იყო - პირველში შეტევაში თამაში აბსოლუტურად არ გამოგვივიდა, შესვენების შემდეგ კი მომენტები შევქმენით. სამწუხაროდ, რეალიზაციამ გვიმტყუნა და შედეგიც ასეთი მივიღეთ.

ბელარუსს ალბანეთთან პირველ ტაიმში კარში ერთხელაც არ დაურტყამს

ორი დღის შემდეგ ისევ თამაში გვიწევს და ახლა, რაც შეიძლება სწრაფად, ძალები უნდა აღვიდგინოთ და სათანადოდ მოვემზადოთ, რაც შეეხება ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების თანაბარ დონეს, დღეს ამ თემას განვიხილავდით. ვფიქრობ, რომ ეს ნაკრებები დაახლოებით ერთი დონისანი არიან. ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა ჩავატარეთ - გვაქვს რაღაცები, რაც უნდა გამოვასწოროთ", - აქვეყნებს მარხელის სიტყვებს ბელარუსული მედია

საქართველოს და ბელარუსის ნაკრებები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის 1/2-ფინალში დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისში 8 ოქტომბერს გაიმართება, წარმატების შემთხვევაში კი ვლადიმირ ვაისის გუნდი, ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს.

რაც შეეხება 2020/21 წლების ერთა ლიგას, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 5 სექტემბერს, სტუმრად ესტონეთთან ჩაატარებს, ბელარუსებს მეორე თამაში კი 7 სექტემბერს, გასვლაზე ყაზახეთთან უწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები