Thumbnail

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშებას 5 სექტემბერს, ესტონეთთან გასვლითი მატჩით იწყებს. შეხვედრა ტალინში "ა. ლე კოკ არენაზე", მაყურებლების გარეშე, მკაცრი რეგულაციების დაცვით ჩატარდება, თუმცა როგორც ირკვევა, ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის ესტონეთში სტუმრობა გარკვულ რისკებთან მაინც არის დაკავშირებული.

ესტონეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები საფეხბურთო კლუბში დაფიქსირდა. 1-ელ სექტემბერს, ვირუსული ინფექცია ნიმე კალიუს ერთბაშად შვიდ ფეხბუთელს გამოუვლინდა, მანამდე ამავე მიზეზით, 27 აგვისტოს, კალიუსა და სლოვენიური მურას შორის, ევროპალიგის საკვალიფიკაციო მატჩის ჩატარება გახდა შეუძლებელი. 

ნიმე კალიუს ფეხბურთელები კორონავირუსით დაავადდნენ

Postimees-ს ცნობით, კრიზისის მართვას საკუთარ თავზე ესტონეთის ფეხბურთის კავშირი იღებს. კრიზისული კომისიის წევრის მიხკელ უიბოლეხტის თქმით, კალიუს ფეხბურთელები კარანტინში კი მოათავსეს, მაგრამ ყველა წესი დაცული არ იყო.  

"თუკი აქამდე გუნდში ვითარებას კლუბი არეგულირებდა, მას შემდეგ, რაც სიტუაცია შეიცვალა, ამ კრიზისის მართვას ესტონეთის ფეხბურთის კავშირი საკუთარ თავზე აიღებს, - ამბობს უიბოლეხტი, რომელიც ესტონეთი-საქართველოს მატჩსაც შეეხო. - ნაკრები სრულიად სხვა თემაა. ის, რაც ნიმე კალიუს შემთხვევაში გაკეთდა, არ ეხება ნაკრებს. ეროვნულ გუნდში კალიუს ფეხბურთელები არ არიან".

ვაისის გუნდს ერთა ლიგაში პირველი მატჩისთვის ამზადებს
📸 | GFF

ამასობაში ესტონეთის ნაკრები შაბათის მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. კარელ ვოოლაიდის გუნდს პირველ შეკრებაზევე გამოაკლდნენ კალიუს ფეხბურთელები, ხოლო საზღვარგარეთიდან ჩასული ლეგიონერები ტესტირებას გადიან და პასუხების მიღებამდე იზოლაციაში იმყოფებიან. 

"ყველა, ვინც ჩამოვიდა, ამ დროისთვის უძლიერესია. რა თქმა უნდა, ერიკ სორგას (DC იუნაიტედის თავდამსხმელი) დანაკლისს განვიცდით, მაგრამ დანარჩენები - ოპტიმალური შემადგენლობაა და ის მზადაა, საქართველოსთან მატჩში 3 ქულისთვის იბრძოლოს", - ამბობს ესტონელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

კარელ ვოოლაიდი შაბათს სამი ქულის მოპოვებას იმედოვნებს

საქართველოს ნაკრები 2020/21 წლების ერთა ლიგის C დივიზიონში, მე-2 ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად, ესტონეთის გარდა, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სომხეთის ნაკრებები ჰყავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი, რომელიც ამჟამად თბილისშია შეკრებილი, ტალინში ჩარტერული რეისით 4 სექტემბერს უნდა გაემგზავროს.

კომენტარები

ბოლო ამბები