Thumbnail
  • ლევან მაისაშვილმა 8 ერში მიწვევისა და რუსეთთან გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა
  • საქართველოს ნაკრების მწვრთნელი 8 ერზე უარის თქმას გამორიცხავს

BBC Scotland-ის ინფორმაციით, რვა ერის ტურნირში იაპონიას საქართველო შეცვლის. ამავეს ამტკიცებს ირლანდიური RTÉ Sport. იაპონიის რაგბის კავშირმა, ქვეყანაში პანდემით შექმნილი ცუდი მდგომარეობის გამო, 8 ერში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, იაპონიის შემცვლელი საქართველოს ნაკრები იქნება.

პოპსპორტი ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლევან მაისაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც 8 ერის გარდა, რამდენიმე საინტერესო ამბავი გვითხრა.

Popsport: ლევან, BBC-ს შოტლანდიური გამოცემის ინფორმაციით, იაპონიის ნაკრებს 8 ერში საქართველო ჩაანაცვლებს. რა ინფორმაციას ფლობთ ამ თემაზე?

ლევან მაისაშვილი: ჯერჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას არ ვფლობ. გუშინ დამიკავშირდნენ ბრიტანეთიდან და ამ თემაზე მკითხეს. ამბის პირველი წყარო იაპონიიდან არის. ოფიციალურად არავის დაურეკავს - არც მსოფლიო რაგბის და არც 6 ერის წარმომადგენლებს.

Popsport: როგორც შოტლანდიური გამოცემა წერს, 8 ერში მიწვევის მიუხედავად, შოტლანდიასთან 24 ოქტომბერს ჩანიშნული მატჩი მაინც ჩატარდება.

ლევან მაისაშვილი: ეს მატჩი ოფიციალურად დაანონსებული არ არის, მაგრამ პანდემიამ რამე თუ არ შეცვალა, ეს შეხვედრა აუცილებლად ჩატარდება. შოტლანდია 6 ერის დარჩენილი მატჩებისთვის სწორედ ამ შეხვედრით მოემზადება.


BBC: რვა ერში საქართველო იაპონიას შეცვლის

Popsport: იმედია, ასე არ მოხდება, მაგრამ 8 ერში მიწვევის შემთხვევაში, შეთავაზებაზე უარს ხომ არ ვიტყვით?

ლევან მაისაშვილი: ჩვენ ყოველთვის ეს გვსურდა. რაგბის კავშირის და არამარტო რაგბის კავშირის სურვილი იყო ეს. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ბოლომდე გვერდში დაგვიდგება. ჩვენი მხრიდან ამაზე უარის თქმა გამორიცხულია. სასწაული თუ არ მოხდა, ამ ტურნირში აუცილებლად ვითამაშებთ და სახელმწიფოც აუცილებლად დაგვიდგება გვერდში.

Popsport: შევარდენზე ნაკრებმა ერთი ღია ვარჯიში უკვე გამართა. ამ ეტაპისთვის ნაკრების მორაგბეები როგორ ფორმაში არიან?

ლევან მაისაშვილი: ჩვენი გუნდის ნაწილი ლეგიონერები არიან და ნაწილი დიდ 10-ში მოთამაშენი. რამდენიმე ლეგიონერმა უკვე ტესტ-მატჩებიც ჩაატარა. მუდმივი კონტაქტი მაქვს ლეგიონერებთან. მათი ნაწილი მაისიდან უკვე აქ ვარჯიშობდა.

გაფართოებული სიის მოთამაშეებიც აქ აგრძელებენ ვარჯიშს. ამჟამად ვარჯიში მე-11 კვირა დავასრულეთ. რამდენიმე დღეში ორ 5-დღიან შეკრებას გავივლით და მორაგბეებს შაბათ-კვირას დავასვენებთ.

მოთამაშეებს მარტიდან აქტივობა არ ჰქონდათ. ბოლო 4 კვირაა, რაც დავიწყეთ კონტაქტური ვარჯიშებიც. A ნაკრებში მყოფი და 20-წლამდე მოთამაშეები დავიმატეთ ეროვნულ ნაკრებში, რათა თამაშები ჩავატაროთ.

შეხვედრები დავგეგმეთ 19-20 სექტემბერს რუსთავთან, ხოლო 24-25 სექტემბერს აიასთან. ჯერ გუნდების დიდ ნაწილს არ გაუვლია შეკრება, თორემ სხვებთან თამაშზეც არის საუბარი.

მერაბ შარიქაძე უკვე კარგ ფორმაშია, მაგრამ სათამაშო გამოცდილება სჭირდება. შოტლანდიასთან მსურს, რომ ღირსეულად ვითამაშოთ.

Popsport: საქართველოსა და რუსეთის მატჩის შესახებაც ხომ არ გაქვთ ინფორმაცია. როდის ჩატარდება ეს მატჩი?

ლევან მაისაშვილი: პირველ ნოემბერი ის სავარაუდო თარიღია, რაზეც ჯერ ოფიციალური დასტური არ მიგვიღია, თუმცა რაგბი ევროპას სურს, რომ ყველა გამოტოვებული მატჩი ერთ დღეს ჩატარდეს. დიდი ალბათობით, პირველ ნოემბერს ვითამაშებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები