Thumbnail

ევროპალიგის I საკვალიფიკაციო წრის მატჩში თბილისის ლოკომოტივმა რუმინული კრაიაოვას უნივერსიტატეა 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩის შემდეგ მედიის წინაშე ლოკომოტივის თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი წარსდგა:

ლოკომოტივმა რუმინულ კლუბს ორი გოლი გაუტანა

გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი): "ძალიან ბევრი რამ მოხდა დღეს ჩვენს სასარგებლოდ. ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდი იყო კრაიოვა, თუმცა მინდორზე დავამტკიცეთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია და ამით ბედნიერები ვართ. 
როგორც გავიგე, დღეს ორივე ქართულმა კლუბმა მალევე გაუშვა გოლი. ჩვენ გაგვიმართლა, რომ ასე არ მოხდა, როცა მეტოქემ მატჩი აქტიურად დაიწყო, თორემ ჩვენც გაგვიჭირდებოდა. დღეს ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ და დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, ჯერ არ ვართ იმ დონეზე, რომ არ დაველოდოთ წილისყრას და ისე გავაჩინოთ მოლოდინები. ასე რომ, ბევრი რამ წილისყრაზე იქნება დამოკიდებული და ახლა ვერ ვიტყვით, რას ველოდოთ მომდევნო წრეში. უბრალოდ, არ მინდა არასწორი მოლოდინები გავუჩინოთ გულშემატკივრებს. რა თქმა უნდა, ისევე ვიბრძოლებთ, როგორც დღეს, მაგრამ შეიძლება გამოგვივიდეს შეიძლება - არა.

კარგი იქნებოდა, რომ დღეს სტადიონზე გულშემატკივრებიც ყოფილიყვნენ, წინა გათამაშებაში ჩვენ მათი გახარება ვერ შევძელით. ეროვნულ ლიგაში გოლების გატანა გვიჭირდა და მიხარია, რომ დღეს ორი გოლის გატანა შევძელით.
ნიკა სანდოხაძემ დღეს ძალიან კარგად ითამაშა, გუნდელებს თავისი შემართება გადასდო. საწყენია, რომ ტრავმა მიიღო. საბედნიეროდ, პირველი დასკვნით სერიოზული არაფერია. მას კლუბის ექიმი გაჰყვა შემოწმობაზე". 

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო წრის წილისყრა 31 აგვისტოს გაიმართება. მატჩები 17 სექტემბერს არის დაგეგმილი. ბრძოლას ორი ქართული კლუბი განაგრძობს, ლოკომოტივი და დინამო თბილისი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრიდან მარცხის შემდეგ, ევროპალიგაზე გადაერთვება. 

კომენტარები

ბოლო ამბები