Thumbnail

თბილისის ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, რომელსაც მისი გუნდი რუმინული კრაიოვა უნივერსიტატეას წინააღმდეგ გამართავს, პრესკონფერენცია გამართა.

ჭიაბრიშვილის განცხადებით, მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ ეს ფაქტი მოსწონს, რადგან ზუსტად გამოაჩენს, რა ეტაპსა და დონეზეა მისი გუნდი.

გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი):

...სათამაშო ფორმა: ჩვეულ რეჟიმში მოვემზადეთ. კარგია, რომ ძალიან ცოტა ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული და ძირითადი ბირთვი ჯანმრთელადაა. სატურნირო ცხრილიდანაც ჩანს, რომ ჯერ შორს ვართ იმ თამაშისგან, რაც მინდა, მაგრამ მთელი გულით, გონებით, არსით ვმუშაობთ და ფეხბურთელები ძალიან მონდომებულები არიან. თუმცა, ყველაფრის მაჩვენებელი თამაშია. არამგონია, ეს თამაში ვინმეს მოსწონდეს - ჩვენ, ფეხბურთელებს, მაყურებელს. არ არის ის, რაც გვინდა, რომ იყოს, მაგრამ იმედია, რაც შეიძლება მალე მოვახერხებთ.

...საბურთალოსთან შარშანდელ ვითარებასთან შედარება: ვფიქრობ, რომ ზუსტად იმავე სიტუაციაში ვართ, რადგან ევროსარბიელზე თამაშის არანაირი გამოცდილება გვაქვს. ვგულისხმობ ახლანდელ შემადგენლობას, თორემ ლოკომოტივი გამოცდილი გუნდია, რომელიც თამაშობდა ევროტურნირებზე. მაგრამ ამ შემადგენლობას ეს პირველად მოუწევს. საბურთალოდან გამომდინარე, უფრო დიდი სტრესი იყო სახლში საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაში, რაც გვიკარგავდა სილაღეს, სტუმრად კი ეს ფაქტორი მოხსნილი გვქონდა. გულშემატკივრობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პლუსია, მაგრამ ჩვენ რეალობაში, როდესაც ამის გამოცდილება არ გვაქვს, როდესაც წლებია პრაქტიკულად უმაყურებლოდ ვთამაშობთ და უცებ მოდის სტადიონზე ხალხი, პასუხისმგებლობა იზრდება, განიცდი, რომ რამე არ გამოგივიდეს. ალბათ ამიტომ იყო, რომ გასვლაზე უფრო კარგი თამაშები გვქონდა, ვიდრე შინ. ლოკომოტივშიც ეს გამოცდილება არ გვაქვს. არ ვამბობ, რომ მაყურებელი, ჟურნალისტები გვიქმნიან წნეხს, უბრალოდ, გამოცდილება არ გვაქვს. ახლა კი ალბათ უფრო მარტივად ვითაშებთ, რადგან უმაყურებლოდ გაიმართება თამაში, თუმცა პასუხისმგებლობა არ იცვლება.

...ძლიერი მეტოქე: მეტოქეს რაც შეეხება, კონკრეტულად ვიცით ყველა ფეხბურთელი ინდივიდუალურად, როგორ უტევენ, როგორ იცავენ თავს, როგორი მწვრთნელი ჰყავთ. ეს ვიცით ფურცელზე... ძალიან ძლიერი გუნდია, ბოლო ტურამდე იბრძოდა ჩემპიონობისთვის, ბევრი ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელი ჰყავთ. ძლიერი მწვრთნელი ჰყავთ, იტალიელი, რომელიც 4-3-3 სქემით თამაშობს და ძალიან შემტევი მწვრთნელია, არ ჰგავს იტალიელს. მომწონს მეტოქე, ალბათ ყველაზე ძლიერი იყო განთესილებში და ეს ერთგვარი გამოწვევაა ჩემთვის და მაჩვენებელია, რა დონეზე ვართ კონკრეტულად ჩვენ და აქ არ ვგულისხმობ ქართულ ფეხბურთს.

...სანდრო კობახიძის გარეშე: კობახიძე ვერ ითამაშებს. მეკარეებს რაც შეეხება, ორი მეკარე გვყავს და არავინ იცის, ვინ ითამაშებს. არ მიყვარს, რომ წინასწარ ვინმემ იცოდეს, ითამაშებს თუ არა. კობახიძეს დიდი ხანია ტრავმა ჰქონდა და მაქსიმალური ფორმა ვერ აკრიფა, სამტრედიასთან შეგნებულად ვათამაშე, რომ მენახა მისი კონდიციები. ეს არ არის ის თამაში, სადაც მარტო გამოცდილებით ფონს გახვალ და მჭირდება ფორმაში მყოფი ფეხბურთელები, ვინც მაქსიმალურად მზად იქნება. ძალიან ბევრი იშრომა კობახიძემ, მაგრამ კონდიციების აღდგენა ვერ მოასწრო.

...ვატო არველაძის გუნდიდან წასვლა: ვატო არველაძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, სხვა დონეზე შეუძლია თამაში. დანიშვნის დღიდან ჩემს შტაბთან ვთქვი, რომ მისნაირი მოთამაშეებს ასეთი თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ვამზადებდით, გავეცით ერთგვარი ავანსი, მაგრამ წინასწარ მოლაპარაკებული ვიყავით, რომ თუ უმაღლესი დივიზიონის კლუბიდან წინადადება ექნებოდა, გუნდიდან გავუშვებდით. წარმატებებს ვუსურვებ, ძალიან ნიჭიერია და დიდი გამოწვევაა თურქეთის ჩემპიონატი. მას შეუძლია დაამტკიცოს შესაძლებლობები, მაგრამ ერთია, რა შეუძლია და მეორე, რას მოახერხებს.

...განსხვავებული მსაჯობა საქართველოსა და ევროპაში: ნიკა ჭანტურია განცხადშია, სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ის გამორჩეული პროფესიონალია და ყველაფერს აკეთებს, რომ გუნდს დაეხმაროს. მსაჯობა? საქართველოში თამაში ერთია და ევროპაში - სხვა. საქართველოში მსაჯობა კარგი და ცუდი კი არა, სხვანაირია, მაგრამ ძალიან რთულია უცებ გადაეწყო. გუნდს ავუხსენით, რომ მსაჯი სერბია, ახალგაზრდაა და ძალიან ბევრ ყვითელ და წითელ ბარათებს იძლევა. თუმცა, მე რომ ფეხბურთელებს სიფრთხილისკენ მოვუწოდო, თამაში არ მოგეწონებათ, რადგან ეს დათმობას ნიშნავს. ამიტომ, ჩვენ ვერ შევიცვლებით, მსაჯობა უნდა შეიცვალოს საქართველოში, რომ ერთ ეტაპზე ვიყოთ და ერთნაირად მოვემზადოთ. ახლა ძალიან რთულია გადაწყობა. პენალტების სერიას რაც შეეხება, ძალიან არ მიყვარს, მაგრამ პირველივე დღიდან გვაქვს ამაზე ვარჯიში, თუმცა ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულად ამ თამაშისთვის ვეზადებით პენალტების სერიისთვის.

ლოკომოტივი ევროთასებზე 2008 წლის შემდეგ დაბრუნდა
📸 | თბილისის ლოკომოტივი

შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივი ევროთასებს 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ხოლო უშუალოდ ევროპალიგაზე ბოლოს 2005 წელს ითამაშა. ხვალინდელი დაპირისპირება მომდევნო ეტაპზე გამსვლელს ერთი მატჩით გაარკვევს.

კომენტარები

ბოლო ამბები