Thumbnail
  • ავსტრიული მედიის ცნობით, ვოლფსბერგერი ქართველ მცველს იმატებს
  • ლოჩოშვილი ავსტრიული კლუბის მეორე ქართველი ლეგიონერი იქნება
  • ვოლფსბერგერი წელს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

დინამო თბილისის 22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას ავსტრიულ ვოლფსბერგერში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრიული მედია ავრცელებს, რომლის ცნობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვენაში უკვე ჩაფრინდა და უახლოეს მომავალში კლუბთან კონტრაქტსაც გააფორმებს.

ლუკა ლოჩოშვილი დინამო თბილისის აღზრდილია, საიდანაც ჯერ კიევის დინამოში, შემდეგ კი სლოვაკურ ჟილინაში (იჯარით) გადაბარგდა. წლის დასაწყისში მცველმა კიევის დინამოსთან ხელშეკრულება ვადამდე გაწყვიტა და თბილისურ კლუბს დაუბრუნდა.

ლუკამ დინამოში მიმდინარე ეროვნული ლიგის ათივე შეხვედრაში ითამაშა, კლუბის მაისურით ბოლო მატჩი კი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ტირანასთან (0:2) ჩაატარა.

რაც შეეხება ავსტრიულ კლუბს, ვოლფსბერგმა გასული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ლოჩოშვილის ვოლფსბერგის მეორე ქართველი ლეგიონერი იქნება - ცოტა ხნის წინ ამ კლუბში გორის დილას 24 წლის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე გადაბარგდა.

192 სმ სიმაღლის ქართველ ფეხბურთელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები